გაიცანით ქართველი კლდეზე მცოცავი გოგონა, რომელმაც თურქეთში ურთულესი მარშრუტი დაძლია

გაიცანით ქართველი კლდეზე მცოცავი გოგონა, რომელმაც თურქეთში ურთულესი მარშრუტი დაძლია

ქართველმა კლდეზე მცოცავმა ანა დულარიძემ თურქეთში, კერძოდ, გეიკბაირში ურთულესი მარშრუტის გავლა შეძლო. ახალგაზრდა კლდეზე მცოცავმა 8ა სირთულის მარშრუტი გაიარა, რაც საქართველოში დღემდე არავის გადაულახავს. ანას თქმით, მარშრუტის გავლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა საწადელს თავდაპირველად ვერ მიაღწია. ამის მიუხედავად არ დანებდა, ყველა სირთულე გადალახა და მარშრუტის გავლა წარმატებით შეძლო. ქართველი კლდეზე მცოცავი გოგონა AMBEBI.GE-ს მიღწეული წარმატების შესახებ ესაუბრება:

- ანა, მოგვიყევი თურქეთში შენი წარმატებული ვიზიტის შესახებ

- გეიკბაირში ვიყავი სამი თვე, დეკემბერში წავედი მოხალისედ, რადგან არ მქონდა იმის სახსრები, რომ 3 თვე კემპინგ ზონაში მეცხოვრა. გავიარე 8ა სირთულის მარშრუტი, რომელიც საქართველოში ჯერ არავის გაუვლია. გეიკბაირში 90 დღე ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში 4-ჯერ მქონდა ასვლის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა მეხუთედ გამომივიდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში 8-იანი სირთულის მარშრუტი არ გვაქვს, ხოლო ხელოვნური საცოცი კედლები არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ძალიან რთულია დაეწიო მსოფლიოს სხვა კლდეზე მცოცავებს, ვისაც ყველანაირი საშუალება აქვთ იმისა, რომ დარბაზში მაინც იცოცონ ნებისმიერ სირთულის კლდეზე.

-ანა, შენს შესახებ უფრო მეტი მოგვიყევი, როდის დაიწყე ცოცვა?

-კლდეზე ცოცვა დავიწყე 18 წლის ასაკში. დაინტერესებული ვიყავი ბავშვობიდან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქარელში ვცხოვრობდი, არ იყო არანაირი საშუალება, რომ მეცოცა, არც ბუნებრივი და არც სავარჯიშო დარბაზი. ექსტრემალური გართობა ყოველთვის მომწონდა, ამიტომ ჩავაბარე თუ არა უნივერსიტეტში თბილისში, მაშინვე მოვძებნე ალპინისტური კლუბი და დავიწყე.

- იყვნენ თუ არა შენამდე კლდეზე მცოცავი გოგონები ალპინისტურ კლუბში?

- კი იყვნენ, თუმცა ბევრნი არა. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა ვნახე თამუნა მელაძე, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე დაიწყო ცოცვა, ვიდრე მე და აღფრთოვანებული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ თუ კარგად ვივარჯიშებდი, მეც ასე ვიცოცებდი კლდეზე.

- რამდენ ხანში მიღწიე შედეგს?

- ერთწლიანი აქტიური ვარჯიშის შემდეგ. თუმცა, როგორც შემდეგ გავიგე, ასეთი დატვირთვაც არ შეიძლებოდა პირველივე წელს. ერთია, შენ რომ ამჩნევ და თან ბოლომდე არ გჯერა, მაგრამ ისინი რომ გეუბნებიან, რომ კარგი ხარ, ვის სიტყვასაც შენთვის წონა აქვს, გიხარია და თან არ გჯერა. ვარჯიშის შემდეგ პროგრესს მართლა ხედავ, მთავარია, უსაქმურად არ იჯდე.

- ოჯახში როგორ მიიღეს ეს არცთუ ისე უსაფრთხო გატაცება?

- ვცდილობდი რაც შეიძლება მცირე ინფორმაცია მიეღოთ. სპორტული ცოცვა საკმაოდ უსაფრთხოა, რასაც მთამსვლელობაზე ვერ ვიტყოდი. როცა სადმე მივდივარ, მთავარია დედაჩემს დავურეკო და ვუთხრა, რომ კარგად ვარ. მახსოვს, დედაჩემი პირველად ყაზბეგში რომ ჩავიდა და მყინვარი დაინახა, მაშინ გაიაზრა სად დავდივარ ხოლმე და ცოტა შეეშინდა.

- რას ურჩევდი დამწყებ მეკლდეურებს?

- პირველი არის ის, რომ თვითნებურად ნურაფერს იზამენ, ჯერ წესები გაიგონ. სცადონ აუცილებლად, იქნებ მოგწონს, და თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო. არავისზე უნდა იყო დამოკიდებული, მით უმეტეს, საქართველოში, შენ თვითონ თუ არ მოინდომე, ისე არაფერი გამოვა.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია