მომღერალი სალომე ბაკურაძე ორსულობის მეშვიდე თვეშია. მთელი ამ ხნის მანძილზე მომღერალი ფეხმძიმობის ამბავს საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ჟურნალ OK!-ის ინტერვიუში გაუმხილა და ორსულმა ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. სალომე ამბობს, რომ მუცელი არ ეტყობოდა, ამიტომ ისარგებლა ამ შემთხვევით და ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს მთელი 7 თვის მანძილზე დაუმალა სასიხარულო ამბავი.
მეუღლეს, პროდიუსერ ლაშა ბასლანძეს სალომემ ძალიან საინტერესო ხერხით შეატყობინა ორსულობის შესახებ: "დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ლაშამ გამოიწერა "პირლოს" საბავშვო ბოდე "იუვენტუსის" ემბლემით, რომელიც საკუთარ პერანგებთან ერთად დაკიდა და თქვა, როცა შვილი გვეყოლება, ამას ჩაიცვამსო. აი, სწორედ მაშინ, როცა ჩემი ფეხმძიმობა შევიტყვე, ლაშა სამსახურში იყო, გადავუღე ფოტო ბოდეს და ლაშას გავუგზავნე წარწერით: "მოემზადე!"
წყვილი სულ რაღაც ორ თვეში ბიჭის მშობლები გახდებიან. სალომე და ლაშა პირველ ერთობლივ შვილს ალექსანდრეს დაარქმევენ. სალომე აბობს, რომ ამ სახელს მისი მეუღლისთვის, რომელიც იტალიური ფეხბურთის ფანია, სხვა დატვირთვაც აქვს: "იუვენტუსი", ალესანდრო დელ პიერო, მოკლედ მთელი იტალიაა ჩართული ამ სახელში", - ამბობს სალომე.