"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

9 აპრილს ჯგუფი "მგზავრები" რუსეთში, სანკტ პეტერბურგში, კონცერტს გამართავს. ღონისძიება კლუბ "A2 Green Concert"-ში გაიმართება. ბილეთების ფასი 1500-დან 3000 რუბლამდე მერყეობს.

ახალგაზრდა, არტისტული, არანორმალურად ენერგიული ჯგუფი, - ასე უხასიათებენ რუს მსმენელს პოპულარულ ქართულ ბენდს კონცერტების ორგანიზატორები. როგორც ირკვევა, "მგზავრებს" რუსეთის მასშტაბით რამდენიმე კონცერტი აქვთ დაგეგმილი.

"ნამდვილი ქართული მრავალხმიანობა, ნაციონალური ინსტრუმენტების თანამედროვე ჟღერადობა და განუმეორებელი სულიერი ატმოსფერო, რომელიც ეროვნული სიმღერის ყველა მოყვარულის გემოვნებას დააკმაყოფილებს. "მგზავრები" არის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს გულს და ერებს. სტუმართმოყვარე მოგზაურები მზიანი საქართველოდან ხელგაშლილი ელოდებიან ყველას მათ კონცერტზე კლუბ "A2 Green Concert"-ში, რომელიც 9 აპრილს გაიმართება", - ნათქვამია სანკტ პეტერბურგის კონცერტის აღწერილობაში.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, 2016 წლის 9 აპრილს 27 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ასობით მოქალაქე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდა, სასტიკად დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართულ სოციალურ ქსელში "მგზავრების" კონცერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა და უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

"37 მანეთიანი მგზავრები"; "აბა თქვენ იცით, 9 აპრილს გრძნობით უხავლეთ მაგათ. მერე რა რომ 27 წლის წინ თქვენზე პატარა გოგონები ჩახოცეს რუსთაველზე, საქართველოზე მღეროდნენ და თქვენზე გაცილებით კარგად. მერე რა, რომ ეგ ქვეყანა დღესაც ისეთივე დამპყრობელია, როგორც მაშინ, 27 წლის წინ იყო. გრძელი ტურნე გაქვთ მანდ და სააღდგომოდ როდიონოვის საფლავზეც გადით ბარემ და გადაუგორეთ წითელი კვერცხები";

"მერე დასხდებიან სუფრაზე და სამშობლოს სადღეგრძელოზე გულზე მჯიღს დაიბრაგუნებენ, იტყვიან რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა საქართველოა და რაც მაგრები ვართ ჩვენ ვართ. მაგრები კი არა, ჯერ "ერიოსინი" და "რუსთავი" უნდა გაგვეტარებინა კაი სირცხვილის კორიდორში რომ სხვა "კულტურის მოღვაწეს " არ დაეწყო "იჩით რააა, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა" . არაა სხვადასხვა, როცა იმ ქვეყანაში ჩადიხარ და ტანცი მანცობ, ვინც ეს 9 აპრილი მოგიწყო და ყოველ დღე თითო ვაშლის ხემდე გიწევს საზღვარს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები და იქ ფეხზე დამდგრები, რუსეთს გაეშურნენ. თან 9 აპრილს იმღერებენ (თუ იმას, რასაც შვრებიან, სიმღერა ქვია)" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. "ისე, "პროფილი" რომ არ არსებულიყო, ესენი პოპულარულები ვერ გახდებოდნენ", - წერს გვარამიას პოსტის კომენტარში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება