საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი, ბეტონი - სპეციალისტები საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალების არსებობაზე საუბრობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქვეყანაში არ მოქმედებს არცერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან კარგ, გარემონტებულ სახლში, თავს გრძნობდეს კომფორტულად, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კანცეროგენური მასალებით ან რადიოაქტიური საღებავებით ან თუნდაც, ლამინირებული ავეჯით.
"საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა აბსოლუტურად იგნორირებულია. ვართ გინესის წიგნში შესატანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არცერთი საცხოვრებელი ბინა არ არის შემოწმებული სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს, ევროკავშირში, სადაც თავქუდმოგლეჯილი უკანმოუხედავად მივრბივართ, სამშებენლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე წინასწარი შემოწმების გარეშე თავიანთი ქვეყნების საცხოვრებლებში ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და პირუტყვს არ აცხოვრებენ", - ამბობს ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე.
პრობლემას დიდწილად ისიც განაპირობებს, რომ საბაჟოზე შემოსული მასალების ეკოლოგიური უსაფრთხოება არ მოწმდება და არც კონტროლი მიმდინარეობს. მოქალაქეებს რომლებიც ეკონომიის მიზნით იაფ სარემონტო მასალებს ყიდულობენ, საბოლოოდ შეიძლება ჯანმრთელობა ისე შეერყეთ, რომ ათასობით ლარით დაზარალდნენ. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ზედმეტი მაკონტროლებელი ორგანოები ბიზნესგარემოს დააზიანებს და მომხმარებელმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.
"თავისუფალი ბაზარი ამ პრობლემას ვერ მოაწესრიგებს. ყველგან არის სახელმწიფო კონტროლი. სამწუხაროდ, ულტრალიბერალური პოლიტიკის განხორციელებამ ინსტიტუციურად დაანგრია ქვეყანა. აღარაფერი კონტროლდება. ყველა მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული, შემოწმებული. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ინტუიციით ვენდობით რომელიმე ფირმას და რომელიღაცას არ ვენდობით", - ამბობს პროფესორი ლადო ვარდოსანიძე.
ვინაიდან ტოტალური უკონტროლობაა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტებს შეიძლება დავუჯეროთ, რომლებიც ამბობენ, რომ სარემონტო მასალებთან ერთად, ყველა საშენი მასალა საშიშია, მათ შორის, ბეტონი, ცემენტი, არმატურა... განაგრძეთ კითხვა