იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1031 ძეგლია შესული, მათგან რამდენიმე ქართულია. თუმცა, ბოლო დროს ქართულ ძეგლებს გარკვეული საშიშროება შეექმნათ და "იუნესკომ" მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან მათი ამოღების საკითხი განიხილა.

როდის და როგორ შევიდა ქართული ძეგლები იუნესკოს სიაში? რატომ დადგა დღის წესრიგში ქართული ძეგლების ნუსხიდან ამოღების საკითხი და დღეს რა ვითარებაა ამ მიმართულებით - ამ თემებზე სასაუბროდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს "იუნესკოსა" და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მანანა ვარძელაშვილს დავუკავშირდით:

- 1994 წელს "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში საქართველოს სამი ძეგლი შევიდა. ერთი ნომინაციის ქვეშ გაფორმდა ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი, მეორე ნომინაცია მცხეთის ჯვარს, სვეტიცხოველსა და სამთავროს ერგო. 1996 წელს ამ ნუსხაში კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ძეგლი შეიტანეს - ეს არის ზემო სვანეთი, ანუ ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში. გარდა ამისა, "იუნესკო" სახელმწიფოებს ყოველთვის სთხოვს, მოამზადონ წინასწარი ნუსხები ძეგლებზე. აღნიშნული ნუსხა ბოლოს 2007 წელს განახლდა და ამ მონაცემებით, მასში 14 ძეგლია შესული. ნამუშევარია ჯერჯერობით მხოლოდ, ვარძია-ხერთვისის მიმართულებით, მაგრამ ნომინაციად არც ერთი არ არის მომზადებული.

- ე.ი. ეს არის ჩვენი მატერიალური უძრავი ძეგლების ნუსხა? არადა, ისეთი ინფორმაციაც არის გავრცელებული, რომ თითქოს ქუთაისისა და მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

- მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები. ეს იყო თითოეული ძეგლის კონსერვაციის საკითხი, მართვისა და მოვლა-პატრონობის სისტემა, არათანმიმდევრული განაშენიანება, რის გამოც ისინი 2009 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე საშიშროებათა ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს. 2010 წელს კი, 34-ე სესიაზე მათ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერიც მიჰყვა, ანუ შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის საშიშროებათა ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში.

ბაგრატი და გელათის მონასტერი ამ ნუსხაში ბაგრატის რეკონსტრუქციის გამო აღმოჩნდა. არადა, ბაგრატის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია გაცილებით ადრე, 1993 წელს გადაწყდა, მაშინ ფონდიც იყო დაარსებული და ამის ნიადაგზე, 2004 წელს სახელმწიფო გვერდით დაუდგა საპატრიარქოს და მოხდა ძეგლის რეკონსტრუქცია.

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა კი ეს 2009 წელს გაიგო, როდესაც ერთ-ერთმა იტალიელმა ინჟინერმა საქართველოში ჩამოსვლისას ნახა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეუთანხმებლად ბაგრატზე სამუშაოები იყო გაჩაღებული. დღეს მსოფლიოში სარესტავრაციო მიმართულებაში არსებობს ასეთი მიდგომა, - თუ არის საჭიროება, რომ ძეგლი რამე ფორმით აღდგეს, მას უნდა ახლდეს ეპოქისთვის დამახასიათებელი მეთოდოლოგიით საშენი მასალები და შექცევადი უნდა იყოს.

- რას გულისხმობთ?

- ხვალ რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ ეს მინაშენი საჭირო აღარ არის და უნდა მოიხსნას, უმტკივნეულოდ უნდა მოიხსნას. "იუნესკოს" ამ მოთხოვნას, ბაგრატთან დაკავშირებით, ვერ განვახორციელებდით, მით უმეტეს, გუმბათის სივრცეზე. მოკლედ, თანამედროვე მიდგომებით დაფარული კედლები "იუნესკოსთვის" მიუღებელი აღმოჩნდა. ჩატარებული სამუშაოების გამო ბაგრატის საკათედრო ტაძრის ავთენტური ნაწილი ძალიან ცოტაღა დარჩა. ახალი უფრო მეტია და ამის გამო ახლისა და ძველის გარჩევა გართულდა. მოკლედ, ძეგლმა ავთენტურობა დაკარგა, - ასეთი აღმოჩნდა საბოლოო ვერდიქტი. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2012 წლის სესიაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობით და კარგი კომუნიკაციით, ბაგრატისა და გელათის ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან არ ამოეღოთ.

- ე.ი. "იუნესკომ" დაგვზოგა...

- კი, რადგანაც გაითვალისწინა და დაინახა ქვეყნის თანმიმდევრული, გამართული ქმედებები, მეთოდოლოგიური მიდგომა და გელათის მონასტერთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის შეენარჩუნებინათ ამ სიაში. ამასთან, მოუწოდა ქვეყანას, რომ დაიცვას ბუფერული ზონა და აღარ გადაფაროს ბაგრატის საკათედრო ტაძარი, მაგრამ გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე მთელი რიგი პროცედურული საკითხებია, რომლებიც წლების განმავლობაში იწელება. დღევანდელი მდგომარეობით, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში საშიშროებთა ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია.

- რაც შეეხება მცხეთას და ჯვარს?

- ისინიც საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია, რადგანაც წლების განმავლობაში, ქვეყნის მიერ ბევრი ქმედება იქნა მათზე განხორცილებული. 2015 წელს კი, ახალ განაშენიანებაზე მორატორიუმი გამოცხადდა: მცხეთამ უნდა შეიმუშავოს მიწათსარგებლობის გენგეგმა, ანუ ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია (ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა). თითოეული შენობა ცალკე უნდა იქნას განხილული. ამიტომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ბევრი რამ გაუმჯობესებულია, ეს აღინიშნა კიდეც, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს. ჯვარზე უნიკალური პროექტები განხორციელდა, კერძოდ, ადგილზე კონსერვაციის, ჩატარდა სვეტიცხოვლის ანაზომვები, მისი მდგრადობა შემოწმდა და დღემდე მონიტორინგის სისტემაა დაყენებული. კულტურული ლანდშაფტის კვლევა მოხდა და ახლა ქალაქის მუნიციპალიტეტი მიწით სარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესშია, რაშიც ჩვენი სააგენტოა ჩართული.

- მცხეთა საშიშროების ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში კონკრეტულად რატომ მოხვდა?

- ხომ გითხარით, ადრეული წლებიდან მოყოლებული, ამ ძეგლებზე არასათანადო საკონსერვაციო სიტუაცია იყო, მიმდინარეობდა არეალების სპონტანური განაშენიანება, სვეტიცხოვლის გარშემო მოხდა მშენებლობა, რაც როგორც ერთმანეთთან მიუსადაგო შენობებით, ასევე სვეტიცხოველთან შეუთავსებელი ნაგებობებით გამოიხატა. ამ მიმართულებით არათანმიმდევრული პოლიტიკა იყო, "იუნესკო" მართვის სისტემის გაუმჯობესებას ითხოვდა, ამიტომ ეროვნული სააგენტოს ინიცირებით "იუნესკოს" მიერ კანონპროექტი მომზადდა, მაგრამ ჯერ მისი დამტკიცება შეჩერებულია, რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის კოდექსზე ვმუშაობთ, რომელშიც აისახება ჩვენ მიერ გაკეთებული მსოფლიო მემკვიდრეობის კანონი, - ესეც ერთ-ერთი გამოსასწორებელი ღონისძიებაა.

- საბოლოოდ, დაბრუნდება თუ არა მცხეთის ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში?

- ეს შესაძლებელია და სწორედ ამიტომაც ვმუშაობთ აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაზე, რასაც მცხეთის მიწათსარგებლობის დოკუმენტი ჰქვია და რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, არა მარტო საქართველოს დონეზე. მსოფლიო ბანკმა რეგიონული პროექტის განვითარების ფარგლებში, მხარი დაგვიჭირა, მცხეთა-მთიანეთის განვითარებასაც აპირებენ. აღმშენებლობითი დოკუმენტი სწორედ "იუნესკოს" ექსპერტების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე უნდა შემუშავდეს.

ასეთი საყოველთაო ჩართულობა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მსოფლიო რუკაზე ძალიან იშვიათია. მოკლედ, ყველანი აქტიურად ვმუშაობთ, რომ წელსვე დადგეს საკითხი მცხეთის დაბრუნებისა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში. 2008 წლიდან არსებობს პროექტი, რომელსაც მივყვებით, რომელიც კიდევ უფრო იხვეწება, ნელ-ნელა ემატება სხვადასხვა კომპონენტები, თითოეულ კრიტიკულ შემთხვევაში, რეკომენდაციებისთვის "იუნესკოს" მივმართავთ და მხოლოდ მათ მიერ გაცემული პასუხის შემდეგ გავცემთ ამა თუ იმ პროექტზე ნებართვას და ვთანხმდებით მის განხორციელებაზე. ამასთან, მუშაობა მიდის იმ მიმართულებითაც, რომ ნუსხა იყოს მრავალფეროვანი, თანაბრად იქნას წარმოდგენილი როგორც რელიგიური, ისე საერო, ინდუსტრიული და სხვადასხვა ტიპის ძეგლი, რომ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით იყოს წარმოჩენილი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია