აფეთქებული ტანკები, ჩამოგდებული შვეულმფრენები და უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები, ათეულობით დაღუპული და დაჭრილი - აი, ის არასრული სია, რაც 2 აპრილს, გამთენიისას ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიიღეს დაპირისპირებულმა მხარეებმა.
ყარაბაღში შეტაკებები აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ხშირად ხდებოდა, თუმცა ამჯერად ვითარება ძალზე დაძაბულია, რადგან დაპირისპირებული მხარეების სტრატეგიული პარტნიორები, თურქეთი და რუსეთი, ბოლო ნახევარი წელია, თავად გახდნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგენი. თუკი აქამდე მოსკოვსა და ანკარას საიდუმლო დიპლომატიური არხების გამოყენებით არაერთხელ დაუშოშმინებია ოფიციალური ბაქო და ერევანი, დღეს ამის იმედი ნაკლებად არის, რაც ძალზე ზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ალბათობას, რომელშიც შეიძლება საქართველოც იქნეს ჩათრეული.
მთიან ყარაბაღში ბრძოლები 2 აპრილს, დილის 2 საათზე დაიწყო ორი მიმართულებით: სამხრეთით, გადრუტის რაიონში და ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარდაკერტთან. მოწინააღმდეგე მხარეები აქტიურად იყენებენ არტილერიასა და ავიაციას. დანაკარგის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ სომხურმა მხარემ დაადასტურა 18 სომეხი მებრძოლის დაღუპვა და 35-ის დაჭრა, ოფიციალური ბაქო კი 2 აპრილს, საღამოს აცხადებდა, რომ სომხეთმა ბრძოლებში დაკარგა 100 კაცზე მეტი, 6 ტანკი და 15 საარტილერიო დანადგარი. აზერბაიჯანელებმა 12 ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს. თავის მხრივ, ერევანი აცხადებს, რომ გაანადგურა აზერბაიჯანის არმიის დივერსიული ჯგუფი, ჩამოაგდო მათი საბრძოლო შვეულმფრენი და უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი.
საქმე ის არის, რომ რუსეთს სომხეთთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც ომის დაწყების შემთხვევაში ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს. ანალოგიური დახმარებაა განსაზღვრული თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებშიც.
ბოლო წლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიების შეიარაღებაში გამოჩნდა შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩები" და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემა "ტოჩკა-უ"-ები, რაც დაპირისპირებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, მძლავრი სარაკეტო დარტყმები მიაყენონ ერთმანეთის ქალაქებს.
საგულისხმოა, რომ რუსეთს სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთის გარდა, შემტევი სახის თანამედროვე შეიარაღება აზერბაიჯანისთვისაც მიუყიდია და როგორც მოსალოდნელი იყო, 2 აპრილიდან ბაქო სომხეთის არმიასთან ბრძოლაში აქტიურად იყენებს რუსეთში ნაყიდ ტანკებს, დამრტყმელ შვეულმფრენებსა და საარტილერიო დანადგარებს...
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი ამ ბმულზე