მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ სომხური და აზერბაიჯანული მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედროა დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მი 24-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ხოლო ერთი ტანკი ნაღმზე აფეთქდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხური მხარის 6 ტანკი და 15 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს. უწყების ინფორმაციით, მოკლულია და დაშავებულია 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო.
სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინფორმაციით კი, დღის განმავლობაში სომხური მხარის დანაკარგი 18 ჯარისკაცს შეადგენს, დაჭრილია 35 ადამიანი.
იხილეთ ბრძოლების ამსახველი ვიდეომასალა
იხილეთ მთიანი ყარაბაღის ბრძოლების ქრონიკა თეგზე #ბრძოლები მთიან ყარაბაღში
"1994 წლის შემდეგ, ზავის დადებიდან დღეს ეს ყველაზე ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებებია, რომელიც გადაწყვიტა განახორციელოს აზერბაიჯანმა. სომხეთის ძალების დროული მოქმედებების დამსახურებით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ვითარების კონტროლის ქვეშ აღება, არამედ მოწინააღმდეგისთვის არსებითი დანაკარგების მიყენება" , - განაცხადა სარგსიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ცოტა ხნის წინ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მთიანი ყარაბაღის ე.წ.თავდაცვის სამინისტრომაც. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული არმიის დანაკარგებმა 200 ჯარისკაცს გადააჭარბა.
მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
ორივე ქვეყნის ოფიციალური წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში ავიაციაც მონაწილეობს. მხარეები მხოლოდ მოწინააღმდეგის რიგებში არსებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაციასაც ადასტურებენ.