საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნებაც" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
რაც შეეხება "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ, პრემიერის თქმით, ეს ნორმალური და მისაღებია. "ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. "რესპუბლიკელების" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გააცნო.
გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.