"რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ - შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისივე შეფასებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება" ნორმალური და მისაღებია.
"ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. "რესპუბლიკელების" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, თუმცა ამ საკითხზე პრემიერის აპარატში კომენტარს არ აკეთებენ. უკავშირდება თუ არა შეხვედრა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების თაობაზე "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გააცნო.
გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26-27 მარტს იმსჯელა.
ასევე წაიკითხეთ: რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს