ვლადიმერ პაპავა "აუდიტორია 115"-ის წევრებს ხვდება

ვლადიმერ პაპავა "აუდიტორია 115"-ის წევრებს ხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ამ წუთებში "აუდიტორია 115"-ის წევრებს ხვდება. ვლადიმერ პაპავამ "აუდიტორია 115"-ის წევრებთან მიმდინარე პროცესები განიხილა და აცნობა მათ, თუ რა ვითარებაში მოხდა მის მიერ უნივერსიტეტის რექტორის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიღება. პაპავას განმარტებით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არა აკადემიური საბჭოს მცირე წარმომადგენლობა, არამედ უნივერსიტეტის მთელი პერსონალი აირჩევს, რაც მის ლეგიტიმაციას აამაღლებს. მისივე თქმით, მიმდინარე წელი არის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ აუცილებელია, ყველა სტრუქტურამ სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება.

ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს განუმარტა, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მზად იყო აეღო პასუხისმგებლობა და ვადაზე ადრე შეწყვეტოდათ უფლებამოსილება. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ასარჩევია კანცლერი, მან სთხოვა აკადემიურ საბჭოს, არ აჩქარებულიყვნენ და არ აღმოჩენილიყო უნივერსიტეტი ვაკუუმში.

ვლადიმერ პაპავას ამ სიტყვებს სტუდენტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღება კიდევ ერთხელ მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტის რექტორი იგივე აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს, რომელსაც ისინი უნდობლობას უცხადებენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს, რომლებიც მათივე თქმით, სტუდენტებს შორის მდგომარეობის გამწვავებას ხელოვნურად ახდენდნენ.

ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ სტუდენტების მიერ დასახელებული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დაყენებულია და მას უნივერსიტეტის შიდა აუდიტი განიხილავს. პაპავამ სტუდენტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები მზად არიან პარასკევს მათთან შეხვედრა გამართონ და პრობლემური საკითხები ერთობლივად განიხილონ.

შეხვედრას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით, სტუდენტების თხოვნით, მათ აუდიტორია დატოვეს.

ინტერპრესნიუსი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია