სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს

სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს

სოფო ბარნოვი პროფესიით ტექსტილის დიზაინერია, თუმცა მინანქარშიც ულამაზესი ნამუშევრები აქვს. ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, ინტენსიურად მუშაობს, აწყობს გამოფენებს. ის ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ტელესახის, სამორი ბალდეს მეუღლეა. წყვილი ამჟამად ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს. სოფო ამბობს, რომ ამერიკა ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფესიაში მეტად განვითარდეს, ახალი და საინტერესო კონტაქტები დაამყაროს, მეტი ცოდნა მიიღოს და სხვასაც გაუზიაროს. მოკლედ, ეს ქვეყანა იქ მყოფებს მრავალფეროვან პერსპექტივას სთავაზობს და ბოლოს და ბოლოს, აძლევს შანსს, საკუთარი თავი გამოსცადოს.

- პროფესიით ტექსტილის დიზაინერი ხარ, თუმცა ძალიან მომეწონა მინანქარში შესრულებული შენი ნამუშევრებიც...

- დიდი მადლობა... როგორც აღნიშნეთ, ტექსტილის დიზაინერი ვარ, თუმცა ბავშვობიდან მხოლოდ ეს სფერო არ ყოფილა ჩემი ინტერესის საგანი, ასევე ძალიან მიყვარს ფერწერა, არქიტექტურა, გრაფიკა, ინტერიერის დიზაინი და ხელოვნების არაერთი დარგი. 14 წლის ვიყავი, როცა მინანქარი მე და ჩემს მეგობარს მისმა უფროსმა ძმამ  გვასწავალა, რომელიც არაჩვეულებრივი მოქანდაკეა, მას შემდეგ ვმუშაობ საიუველირო კუთხითაც და დღემდე ვაკეთებ საინტერესო აღმოჩენებს, რაც ამ პროფესიის სიღრმეზე მეტყველებს. სიმართლე გითხრათ, მიჭირს ერთი კონკრეტული პროფესიის ამორჩევა, რადგან ტექსტილის დიზაინიც და მინანქარზე მუშაობაც უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ორივე განხრა შრომისმოყვარეობას და მუდმივ ძიებას მოითხოვს. ის ფაქტი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, მახარებს.

- რა მიღწევები გაქვს და რა არის მთავარი მუშაობისას?

- ჩემი მხრიდან მიღწევებზე საუბარი, ვფიქრობ, უხერხული იქნება, თუმცა ზოგადად შემიძლია საქართველოში ჩატარებული გამოფენები გამოვყო და ასევე ევროპის, - პროექტები იტალიასა და ესპანეთში; მათ სიას ახლახან ნიუ-იორკში დაგეგმილი 2 გამოფენაც მიემატა, შემოთავაზება რამდენიმე კვირის წინ მივიღე არტ-პრომოუშენ კომპანიებისგან. სწორედ ახლა, მუშაობის აქტიურ ფაზაში ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ უმთავრესი მაინც საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარულია, ხარისხს შედეგი აჩენს. ნიუ-იორკის დაგეგმილ გამოფენებს შორის ინტერვალი 2 თვე იქნება, ასევე პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. ვმუშაობ ყოველდღე, ვცდილობ, დროის სწორად განაწილებას, პარალელურად საჭირო ლიტერატურასაც ვეცნობი. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი გამოცდილება ტექსტილის დიზაინის განხრით (და არა მარტო) გავუზიარო ამერიკელ სტუდენტებს და ასევე ვისწავლო მათგან ის ტექნოლოგიები, რასაც ისინი ფლობენ. ვფიქრობ, კულტურის გაზიარება ქვეყნებს შორის, მხოლოდ პროგრესის მომასწავებელია, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის განვითარების შემდგომ საფეხურზე გადასვლას.

- რა გასწავლა მინანქარზე მუშაობამ?

- მინანქარი ზოგადად დიდ ნებისყოფას მოითხოვს, რადგან ერთ კონკრეტულ ნამუშევარს დღეები სჭირდება, რომ სასურველი შედეგს მიაღწიო. შეუძლებელია რამდენიმე წუთში ნამუშევრის დასრულება, რადგან დახატული კომპოზიციის მასალაში გადმოტანის გარდა, ფერების შეხამებას ექცევა დიდი ყურადღება და შესრულების ხარისხს, თან, თუ გავითვალისწინებთ ნაკეთობების ზომას, ვფიქრობ, ამ პროფესიაში შემოქმედებითი უნარების გარდა, მოთმინებაც უმნიშვნელოვანესია.

- რამდენი ხანია ამერიკაში ხარ?

- მალე ერთი წელი გახდება, რაც აქ ვარ და აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, რადგან, ყოველმხრივ საინტერესო ქვეყანაა, ხშირად დავდივარ მუზეუმებში, გალერეებში, ახალ კონტაქტებს ვიძენ. ვფიქრობ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო სივრცეს და კიდევ უფრო განვითარდება, - მუსიკოსი იქნება ეს, მხატვარი, მწერალი, იურისტი, ექიმი თუ სხვა... ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები, მაგრამ ჩამოსვლის თარიღს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს დაზუსტებული.

- შენი მეუღლე საქართველოში კარგად ცნობილი, ნიჭიერი ადამიანი სამორი ბალდეა. რამდენი ხანია, ერთად ხართ? როგორი მეუღლეა? გეხმარება საქმიანობაში?

- 5 წელია მე და სამორი ერთად ვართ, 2 წლის წინ კი დავქორწინდით. უკეთეს მეუღლეს ვერც ვინატრებდი... პროფესიაში ყველანაირად ხელს მიწყობს, მეხმარება და ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორც ამბობს, ჩემი ნამუშევრები მოსწონს. არასდროს არიდებს თავს აზრის გამოთქმას, რაც ძალიან მახარებს.

- რას საქმიანობს ამერიკაში? მას აქ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის შესახებ ინფორმაცია ბევრს აინტერესებს.

- როგორც იცით, სამორი მუსიკოსია და აქ სტუდიაში მუშაობს, წერს მუსიკას. მოკლედ, ორივე ვზრუნავთ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, გეგმებიც სწორედ ხელოვნებაში ჩვენი წვლილის შეტანას უკავშირდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Georgian designer’s works to be exhibited in New York

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია