საქართველოში რძე და რძის პროდუქტებიც საკმაოდ ძვირი ღირს. თავად რძის რაოდენობა და ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია. ამას გარდა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კატერინა პობერეჟნამ "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" საუბრისას დაადასტურა, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია.
ALLNEWS.GE დაინტერესდა, რა პრობლემები არსებობს საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძის წარმოების კუთხით და რა პერსპექტივები აქვს ქართულ რძეს.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნინო ზამბახიძის თქმით, ამჟამად, ქართული მერძევეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ამ სფეროში არსებული პრობლემები მრავალფეროვანი და კომპლექსურია.
დაბალპროდუქტიული პირუტყვი, საერთაშორისო სტანდარტების დიდი ფერმების არარსებობა, საძოვრის პრობლემა, განათლების დეფიციტი - ეს არის არსებული პრობლემები, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ნინო ზამბახიძის აზრით, ქართული რძის პერსპექტივები გაიზრდება.
"ჩვენ გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით გვაქვს ჭარბრძიანობა, შემოდგომასა და ზამთარში კი, ფაქტობრივად, რძის დეფიციტი ჩნდება. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც ქართული რძის განვითარებას და რძის პროდუქტების წარმოებას ხელს უშლის. სეზონზე არსებული რაოდენობის რძის ათვისება ძალიან რთული ხდება, ბიზნესოპერატორებისა და ფერმერისთვის, შემდეგ კი, შემოდგომასა და ზამთარში რძე არ გვაქვს", - ამბობს ნინო ზამბახიძე იხილეთ გაგრძელება