თემურ თათარაშვილს თბილისში საიუბილეო კონცერტი კულტურის სამინისტრომ არ დაუფინანსა. მომღერალი უწყებისგან უარის თქმის მიზეზის განმარტებას მოითხოვს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, კულტურის პალატას და თბილისის საკრებულოს, რომლებმაც თავიანთ თავზე აიღეს ჩემი საიუბილეო საღამოს დაფინანსება და მომცეს შესაძლებლობა ეს ღონისძიება შემდგარიყო. ჩემდა გასაოცრად, ყოველგვარი პასუხის და ასხნა-განმარტების გარეშე კულტურის სამინისტრომ, რომელსაც მხოლოდ ფილარმონიის დარბაზის არენდის დაფინანსება ვთხოვე, ჯერ თანხმობა, ხოლო შემდეგ უარი განმიცხადა. კონცერტის ჩატარება ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა, რომ არა მერიის, კულტურის პალატისა და საკრებულოს თანადგომა. კულტურის სამინისტროსგან ვითხოვე პასუხი, თუ რა იყო ჯერ თანხმობის, შემდგომ კი დადებითი პასუხის უკან წაღების და უარის თქმის მიზეზი, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი ახსნა-განმარტება არ მიმიღია.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მონატრებულ მსმენელს, რომელიც ასე ელოდება 7 აპრილს, სამწუხაროდ მე წლების განმავლობაში არ მქონია შესაძლებლობა მათ წინაშე გამოსვლის. იმედი მაქვს, კონცერტიდან შემოსული თანხით შევძლებთ ფილარმონიის არენდის თანხის შეგროვებას და გადახდას, რაც კულტურის სამინისტროს უნდა დაეფინანსებინა, სამწუხაროდ კი სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარით გაგვისტუმრა" - აცხადებს თემურ თათარაშვილი.