"მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა" - ამ რეპლიკით მიესალმა "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვის დროს. ლორთქიფანიძის ირონიანარევმა ეპითეტმა გრიგოლია გააბრაზა და ტელეწამყვანი რამდენჯერმე ჩაეკითხა სტუმარს, გაემეორებინა სიტყვა, რომლითაც მას მიესალმა. როცა დავით ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ გაუმეორა მისალმება, გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს იუმორი დაუწუნა:
"ვითომ რეპლიკა, ვითომ ხუმრობა ნარევი, მაგრამ ეს ძალიან მძიმე თემაა და არ მგონია სახელისუფლებო გუნდი დღეს იყოს მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში, როცა კაციშვილმა არ იცის, ვინ ახდენს ქვეყანაში მორალურ ტერორს ადამიანებზე. არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ახლა სახუმაროდ აქვს საქმე, რადგან 11 მარტიდან გავიდა ბევრი დრო, დღეს არის 25 მარტი და დღეს არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვინ გვიწყობს ქვეყანაში მორალურ ტერორს" - აღნიშნა შესავალ სიტყვაში ტელეწამყვანმა, რომელმაც ლორთქიფანიძეს "შეცდომის" გამოსწორების საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, 14 მარტს მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუქარა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში ინტერნეტში ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდებოდა, ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ვრცელი განცხადება გააკეთა: "მე ინგა გრიგოლია ვარ, შვილი, დედა, მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება".