"სამებაში არცერთი დენის სადენი დაზიანებული არ არის. ცეცხლი ძალად არის გაჩენილი" - ასეთ სკანდალურ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე აკეთებს თამაზ ბიჩინაშვილი. არქიმანდრიტის თქმით, იქ სადაც ცეცხლი გაჩნდა, ანუ ახალგაზრდული ცენტრის ტერიტორიაზე, სანთელს არასოდეს ანთებენ, შესაბამისად, სანთლით ხანძრის გაჩენაც გამორიცხულია.
რაზე დაყრდნობით გამოთქვამს ეჭვს თამაზ ბიჩინაშვილი, ამის გასარკვევად AMBEBI.GE არქიმანდრიტს დაუკავშირდა: "გამოძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით გამოძიების დასკვნა არ დადებულა. პირველ რიგში დენის სადენები შემოწმდა და როგორც შევიტყვეთ, სადენები არ არის დაზიანებული. აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ხანძარი ვიღაცამ სპეციალურად გააჩინა. სამებაში უწმინდესის წირვის დროს ბევრი ხალხი შემოდის და რთულია მათი გაკონტროლება. ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიდის, შაბათ-კვირას აღდგება წირვა-ლოცვები, ტაძრის კედლები გაშავებული იყო და გაიწმინდა. გამოძიებაც მალე დადებს საბოლოო შედეგებს და ზუსტად გაირკვევა, რამ გამოიწვია ხანძარი ტაძარში"
20 მარტს, პატრიარქის საკვირაო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერა ნულოვან სართულზე ახალგაზრდულ ცენტრში იყო. შემთხვევის შედეგად 1200 კვადრატული მეტრის ფართობი და სტამბის საწყობში განთავსებული დიდი რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურა დაიწვა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE