ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ოდესის გუბერნატორი წერს, სანდრა რულოვსი და ნიკოლოზ სააკაშვილი ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე გამოფრინდნენ აეროპორტიდან:
"ჩემმა შვილმა და ცოლმა რამდენიმე საათი იმ ტერმინალში გაატარეს ბრიუსელის აეროპორტში, სადაც დღეს დილით ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს და ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს გამოფრენა. როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ გავიგე, უკვე ვიცოდი, რომ გამოფრენა მოასწრეს, თუმცა მაშინვე გავიფიქრე იმ მსხვერპლთა ნათესავებზე და ახლობლებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არაა უკანასკნელი. გარდა სხვა მიზეზებისა, ეს გახლავთ შედეგი ძალიან დიდი ბიუროკრატიზაციის, მოდუნების და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის" - წერს სააკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, როცა დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოვარდა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შოუში Шустер LIVE განაცხადა, რომ მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი იმ კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომლის მონაწილეებიც დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.