პარლამენტში დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. წიკლაურმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ქორწინების შესახებ ჩანაწერს შეეხება. "ქართული ოცნება" ამ თემას ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს. ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა სხდომაზე.
დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა სამარცხვინოა, რასაც სხდომაზე ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა. ნუკრი ქანთარიას თქმით, სამარცხვინოები თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან. თემაზე კამათში პარტიების სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. დაპირისპირება უმრავლესობის წევრს გიგა ბუკიასა და უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს შორის გაგრძელდა. ისინი კოლეგებმა და მანდატურებმა გააშველეს.
რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურს, ის საქმის გასარკვევად "ოცნების" ფრთაში გადაჯდა და ოპონენტი კოლეგებით გარშემორტყმულმა განაგრძო მათთან საუბარი. დეპუტატებს ადგილებზე დაბრუნებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. შემდეგ კი დავით უსუფაშვილმა პირადად წიკლაურს მიმართა: "ბატონმა წიკლაურმა გადაწყვიტა შეუერთდეს უმრავლესობას, ამაზე უმცირესობა ნერვიულობს", - იხუმრა პარლამენტის თავმჯდომარემ.