დღეს საქართველოში არაერთი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. ბოლო 5 წელიწადში საქართველოში თითქმის 700 ადამიანი გაუჩინარდა, ნაწილი გარდაცვლილი იპოვეს, ბევრის კვალს კი ვერ მიაგნეს. დაკარგულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.
დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები თამაზ წიკლაური უკვე მეექვსე წელია შვილს უშედეგოდ ეძებს. "ვასიკო 15 წლის იყო, რომ დაიკარგა. 2010 წლის 26 სექტემბერს თანაკლასელთან ერთად ტყეში წავიდა. ის ბიჭი უკან დაბრუნდა, ჩემი შვილი კი გაქრა. მაძებარი ძაღლი ჰყავდა წაყვანილი ვასიკოს. ის ბიჭი ამბობს, ვასიკომ მითხრა, ძაღლს გავასეირნებ, შენ წადი და 2 საათში მომაკითხეო... ვფიქრობ, მან იცის სიმართლე, მაგრამ არ ამბობს. ეტყობა, ვიღაცამ გააყვანინა ჩემი შვილი. 15 წლის ბავშვს მტერი არ ეყოლებოდა, არც ჩვენ ჩაგვიდენია რაიმე დანაშაული, რომ ვინმეს ასე გავემწარებინეთ. ვასიკო ძალიან ალალი ბიჭი იყო, სპორტსმენი, ფიზიკურად ძლიერი, კარგად სწავლობდა, კონფლიქტურიც არ იყო. რომ მოეკლათ, მკვდარი მაინც ხომ უნდა გვეპოვა? ჩვენგან აზერბაიჯანის საზღვარი 5-6 კილომეტრშია. შეიძლება ვიღაცამ იქიდან გაიყვანა. ძალიან მძიმეა გაურკვევლობაში ყოფნა. დრო გადის, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს, უნდა ვიპოვო ჩემი შვილი, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ."
...ერთი წელია ეძებენ ახალციხეში მცხოვრებ 37 წლის ანაიდა ოგანესიანს. დაკარგულის დედა, მარეტა ოგანესიანი ამბობს, რომ ანაიდა 2015 წლის 18 მარტს დაიკარგა. ახალგაზრდა ქალი ახალციხეში მაღაზიაში მუშაობდა, შინ დაბრუნება რომ დააგვიანდა, დედამ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. დედამ პოლიციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ანაიდას ორი შვილი ჰყავს. ბოლოს ის ბიძის სახლში ნახეს, იქიდან გამოსული ტაქსიში ჩაჯდა და მას მერე კვალი გაქრა. პასპორტი სახლში აქვს, ამიტომ დედა მისი ქვეყნიდან გასვლას გამორიცხავს.
მარეტა ოგანესიანი: "ჩემი შვილი არც მკვდარი ჩანს, არც ცოცხალი. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ რაბათის ქუჩის აღმართზე დატოვა და მას მერე არაფერი იცის. არ მჯერა. ჩემი გოგო 18 მარტს დაიკარგა და მარტის ბოლოს ის ტაქსის მძღოლიც გაქრა ახალციხიდან, ამბობენ, რუსეთში წავიდაო. ახლახან დავურეკე გამომძიებელს. ვკითხე, რა ქენით-მეთქი, მითხრა, პოლიციაში აღარ ვმუშაობო. ეს არის პასუხი? ამდენი კამერაა ქალაქში, ვითხოვდით გაეშიფრათ. ესეც არ გააკეთეს, ნუ მასწავლი, როგორ უნდა მოვიქცეო, მითხრა გამომძიებელმა. მითხარით, სად გაქრა ჩემი შვილი?!" განაგრძეთ კითხვა