მუდმივად რეპეტიციებზე ვარ, ვვარჯიშობ, ვემზადები საერთაშორისო კონკურსებისთვის, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ამ ყველაფრის შემდეგ, წიგნების საკითხავად დრო ნაკლებად მრჩება. არადა, ვგრძნობ, რამდენად დიდია ჩემში კითხვის სურვილი, მოთხოვნილება, ახალ გამოცემებს გავეცნო", - ამბობს ჯულიანა ბარგნარი. ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ ის ახლა სტუდენტია, ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სტომატოლოგის პროფესიას ეუფლება.
- როდესაც სკოლას ვამთავრებდი, გადაწყვეტილი არ მქონდა, რომელ პროფესიას დავეუფლებოდი. ჩემი ძმა სტომატოლოგია და მირჩია, საბუთები ამ ფაკულტეტზე შემეტანა. მოკლედ, ძმას დავუჯერე და ასე აღმოვჩნდი სტომატოლოგიაში. სწავლა დიდი ინტერესით, მონდომებით დავიწყე, მაგრამ იმ პერიოდს "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაემთხვა და იძულებული გავხდი, სტუდენტის სტატუსი დროებით შემეჩერებინა. ახლახან სასწავლებელში თავი აღვიდგინე და ორ წელიწადში დავამთავრებ. მაშინ მეუბნებოდნენ, - ოღონდ, იარე და შეღავათს გაგიკეთებთო, მაგრამ ასეთი სწავლა არ მინდოდა. პროფესია მხოლოდ დიპლომის გამო არ მინდა მქონდეს - კონკურენტუნარიანი უნდა ვიყო ამ საქმეში.
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონზე შემოთავაზება რომ მივიღო, არა მგონია, დავთანხმდე. ახლა ჩემი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილია. ინტენსიურად ვვარჯიშობთ, რომ გავიდეთ კონკურსებზე და მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა ჩამონათვალში ღირსეული ადგილი დავიკავოთ.
მხატვრულ ლიტერატურას უმეტეს შემთხვევაში რუსულ ენაზე ვკითხულობ. ძალიან მიყვარს რემარკის შემოქმედება, მომწონს კოელიო. მახსოვს, რემარკის "სამი მეგობარი" რომ წავიკითხე, ბევრი ვიტირე. ფილმებზეც მიტირია. არ მიყვარს, მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ ლაპარაკობენ და ამით ცდილობენ, შთაბეჭდილება მოახდინონ. ჩემთვის სიტყვებზე მთავარი მოქმედებაა. რემარკი უბრალო, ყველასთვის გასაგები ენით წერს და ამიტომ მომწონს. მისი სიყვარული, ურთიერთობა, მეგობრობა ძალიან მარტივია და ამ სიმარტივით შთაბეჭდილების მომხდენი. ცხოვრებაშიც ასეთი პიროვნებები მიზიდავს, ვერ გამაკვირვებს მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით მოლაპარაკე ადამიანი. შესაძლოა, ის ძალიან ნაკითხი და ერუდირებული იყოს, მაგრამ ქცევებით სხვას ამბობდეს და სიტყვებით - სხვას. მირჩევნია, მამაკაცი ნაკლებს ლაპარაკობდეს, მაგრამ მის ქცევებში ვიგრძნო ის მთავარი, რაც მომავალში ურთიერთობის გაგრძელების სურვილს გამიჩენს.
- ეს ცეკვა კუბაში, აფრიკელი ფერადკანიანების მიერ იქნა შეტანილი. ევროპაში კი ცნობილმა ფრანგმა პედაგოგმა, მესიე პიერმა შეიტანა. 1925 წლამდე ნიუ-იორკში ამ ცეკვას საერთოდ არ აღიარებდნენ. მერე კი ღამის კლუბები დაიპყრო. მიგანიშნებ, მას "სულის გზას" უწოდებენ. დაბადების თარიღად 1913 წელია მიჩნეული. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?
- რუმბა.
- ეს ცეკვა გამორჩეულად გიყვარს?
- შეუძლებელია, რუმბა არ გიყვარდეს, მას "სიყვარულის ცეკვასაც" უწოდებენ. საერთოდ, ემოციური ცეკვები ძალიან მიყვარს. რუმბა ნელია, მაგრამ გრძნობები გამოხატულია. არ მესმის, როცა მოცეკვავეები ამბობენ - ეს ცეკვა რთულია, ის მარტივია. შესაძლოა, შენი სხეულისთვის ადვილად გასაგები და მოსარგები იყოს, სხვა ცეკვას სულ სხვაგვარი რიტმი აქვს, ყველა ცეკვა თავისებურად რთულია.
- მას კი ევროპულ ცეკვებს შორის ყველაზე მხიარულ ცეკვად მიიჩნევენ. ზოგიერთი "სიხარულის ცეკვასაც" კი უწოდებს. შექმნის თარიღად 1923 წელი ითვლება.
- კვიკსტეპი. სამეჯლისო სკოლებში ცეკვასთან ერთად ამ ცეკვის წარმოშობის ისტორიასაც ასწავლიან.
- ცეკვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ: დღეს მას შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვას უწოდებენ, მაგრამ მის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბებისა და მონების ცეკვა იყო. პაპმა, ბენედიქტე XV-მ ის აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი?
- (ფიქრობს) ნელი ვალსი, ხომ?
- ცდები. მიგანიშნებ, ბუენოს-აირესში ყოველ წელს ამ ცეკვის ფესტივალი იმართება, აქ არის მისი სახელობის მუზეუმი, რომელიც 2003 წელს გაიხსნა.
- ტანგო.
- დიახ. თუ გახსოვს, როდის აღნიშნავენ ტანგოს საერთაშორისო დღეს?
- არა.
- 11 დეკემბერს. ამ დღეს დაიბადა ტანგოს უბადლო შემსრულებელი, კარლოს გარდელი.
- მომავალში მეცოდინება. გამახსენდა, არგენტინულ ტანგოზე ამ ისტორიას ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი.
- რომელიმე ცეკვის ისტორიაა გამორჩეულად საინტერესო?
- მაგალითად, "ლინდი ჰოპსს" ფერადკანიანები ცეკვავდნენ. როგორც ვიცით, წარსულში ფერადკანიან და თეთრკანიან ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებდნენ. ფერადკანიანები მონები იყვნენ და მაშინ, როცა შესვენების პერიოდი და გართობის უფლება ჰქონდათ, ამ ცეკვას ცეკვავდნენ. ვთვლი, რომ ფერადკანიანები ამ ცეკვის შესრულებისას შეუდარებლები არიან.
- ცეკვის ხასიათი ილეთებში ჩანს?
- გიჟურია, თითქოს გამოხატულია თავისუფლების წყურვილი, გართობის მონატრება...
- "გაზაფხული შემოსულა, ლენ..."
- ეს სიმღერა მომისმენია.
- ლექსის ავტორი ვინ არის?
- არ ვიცი.
- მურმან ლებანიძე. რომელი მეტია - 20-ის 25 % თუ 25-ის 20%?