ქალაქი ყვარელი. მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირი, გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნასახლარი - ეს მისამართი მალე ახალ ისტორიულ ძეგლთან მიგიყვანთ. დოლოჭოპის ნასახლარზე (ამ ადგილს ასე ეძახიან) ცოტა ხნის წინ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევრებმა IV საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტიპის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. შესაძლოა, ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, საუკუნეების წინანდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.
ყველაფერი 2004 წელს, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც არქეოლოგები ნეკრესის ნაქალაქარის მიდამოების უცნობი ისტორიული ძეგლების დაზვერვას აწარმოებდნენ. დოლოჭოპის ნასახლარის ერთ-ერთ გორაკზე აღმოჩენილი ნანგრევების ფრაგმენტები არც გეოგრაფიულ რუკებზე იყო დატანილი და არც მისი ისტორიული დოკუმენტები მოეპოვებოდათ მკვლევრებს, თუმცა არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო გრანდიოზული, სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. ამ ადგილზე ეკლესიის არსებობა როგორც მეცნიერებისთვის, ისევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც უცნობი იყო. აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა მისი აღმოჩენიდან რვა წლის შემდეგ, 2012 წელს გადაწყდა. ეკალბარდით დაფარულ გორაკზე არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების სამეცნიერო ჯგუფმა სტუდენტებთან ერთად დაიწყო. რაც უფრო სიღრმეში ჩადიოდნენ, მით უფრო მასშტაბური ხდებოდა ნაგებობის ფართობი...
ნოდარ ბახტაძე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი:
- 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გადაწყვიტა, დაეფინანსებინა გათხრები. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ნატაძრალი V საუკუნის ძეგლი იქნებოდა. ტერიტორიის ლაზერული ანაზომის ბაზაზე შეიქმნა ძეგლის ციფრული დოკუმენტაცია. გათხრების პროცესში გაირკვა, რომ თავდაპირველი სახით შემონახულ გრანდიოზულ სამნავიან ბაზილიკას (სიგრძე-სიგანე: 30მX15მ; ნავებად დაყოფილია ხუთი წყვილი სვეტით), რომელიც გეგმარებითი ელემენტების თავისებურების და დადასტურებული არქეოლოგიური სტრატიგრაფიის მიხედვით, სწორედ ამ ეპოქის ქართულ ქრისტიანულ ტაძარს უნდა წარმოადგენდეს. ამ ტაძრის სტილისტურ გადაწყვეტაში IV-V სს-ის რომაულ-ბიზანტიური საეკლესიო ხუროთმოძღვრების მძლავრი გავლენა იგრძნობა. ბაზილიკის იატაკზე აღმოჩნდა ბრინჯაოს მაღალმხატვრული სანათები, რომელთა ზუსტი სირიულ-ბიზანტიური ანალოგიები უცხოელი მეცნიერების მიერ IV-V საუკუნითაა დათარიღებული. საკურთხეველი დიზაინითაც ძალზე საინტერესოა. მის სარტყელში რამდენიმედონიანი საფეხურია. იმ დროის ეპისკოპოსი, საკურთხევლის ცენტრში, ყველაზე მაღალ კიბეზე დაბრძანდებოდა, იერარქიით უფრო დაბალი ხარისხის სასულიერო პირები კი შედარებით დაბალი სიმაღლის საფეხურებზე, ხატად უფლისა და 12 მოციქულისა. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოგალერეა