ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ზურაბ ჯამალაშვილი, რომელიც ცნობილი ჰაკერის, კუდ-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა. როგორც უმცროსი ჯამალაშვილი ამბობს, მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია: "სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადავხედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯამალაშვილმა.
ნახეთ ვიდეო| ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
გაზეთი "ვერსია" ვასილ ჯამალაშვილის შესახებ წერს, რომ ის 2012 წელს კიბერდანაშაულის და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 9 მაღალჩინოსანი დააკავეს. ჯამალაშვილი დაკავებისას 18 წლის იყო და კუდ-ში მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ. ის 16 წლის ასაკში კუდ-ში სამუშაოდ ვაჟა ლელუაშვილმა (კუდ-ის უფროსის მოადგილე) მიიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილმა შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო-ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.
ჯამალაშვილთან ერთად დაკავებული შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე საინტერესო განმარტებას აკეთებდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებაში ბექა კვარაცხელია აცხადებს, რომ ვაჟა ლელუაშვილისგან მიიღო დავალება, ისეთი სახის კომპიუტერული პროგრამა შეექმნა, რომლის მეშვეობითაც მოახდენდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან საჭირო ინფორმაციების ფარულად მოპოვებას.
ამ პროგრამით შესაძლებელი გახდა დაინტერესებული ობიექტის კომპიუტერში შეღწევა, მასში არსებული ინფორმაციის ნახვა და კოპირება, კომპიუტერის ეკრანის ყურება და იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერს ეყენა მიკროფონი, შესაძლებელი იყო იმ ოთახში საუბრების მოსმენა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი ჩართული იყო ინტერნეტის ქსელში: "დაინტერესებულ ობიექტს ელექტრონულ ფოსტაზე ვუგზავნით რაიმე მისთვის საინტერესო ფაილს, ეს შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, რაიმე წერილი ან სხვა და მისი გახსნის შემთხვევაში, უკვე პროგრამა ავტომატურად ინსტალირდება კომპიუტერში და იწყებს მოქმედებას"
"ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პროგრამის საშუალებით მოგვესმინა ეკა ბესელიასთვის, გუბაზ სანიკიძისთვის, გია ხუხაშვილისთვის, გიორგი გეგეჭკორისთვის, გია ვოლსკისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, სოზარ სუბარისთვის. ფაქტობრივად, მოცული გვქონდა მთელი "ქართული ოცნება".
კვარაცხელიას თქმით, მიღებულ ინფორმაციას ისინი აწვდიდნენ ვაჟა ლელუაშვილს და დათა ახალაიას, თუმცა ჩვენების ბოლოს კვარაცხელია აღნიშნავდა, რომ ბოლო ერთი წელი მას კონტაქტი აღარ ჰქონია დათა ახალაიასთან და ინფორმაციას აწვდიდა მხოლოდ ვაჟა ლელუაშვილს.
ლაშა დვალი
გაზეთი "ვერსია"