"გაღიმება 23 წლის ასაკში ვისწავლე" "გარშემო ყველამ იცის ჩემი ერთი შეხედვით, დაუჯერებელი თავგადასავალი, მაგრამ ვისაც საკუთარი თვალით არ დაუნახავს და საკუთარი ყურით არ მოუსმენია, იმას მართლა გაუჭირდება ამ ყველაფრის დაჯერება. თუმცა, მე მაინც გიამბობთ და თქვენ გინდ დაბეჭდეთ, გინდ - არა..." - ქალბატონი მიმოზას წერილი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. ბევრი რამ გადაუტანია უხმოდ, მაგრამ ბოლოს გაჰქცევია დესპოტ ქმარს, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია (წერილის სტილი დაცულია).
"ალბათ, ჩემს წერილს რომ წაიკითხავთ, ბევრი თქვენგანი დასვამს შეკითხვას: კი, მაგრამ თუ ასეთი დესპოტი ადამიანის გვერდით გიწევდათ ცხოვრება, მას დროულად რატომ არ დაშორდითო? გიპასუხებთ: დაშორების გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილია, როცა გგონია, რომ ქმრისგან წიხლი - ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც თითოეულმა ქალმა უნდა აიტანოს, - ასე მზრდიდნენ და ძნელია, შეჩვეულს გადაეჩვიო. რასაც წლების მანძილზე მიბეჭდავდნენ გონებაში, იმას ადვილად ვერ ამოვიგდებდი თავიდან. მით უმეტეს, რომ მე ბავშვობაშიც მსხვერპლი ვიყავი - დიახ, საკუთარი მშობლებისგანაც არ მაკლდა ძალადობა, ცემა...
არ მინდა, დაგძაბოთ, მაგრამ როცა უცნაურ, სადისტურ ამბებს ვიგებთ, ყოველთვის ჩნდება კითხვა, რომლითაც ვიღაც დამნაშავის გამართლებას ცდილობს: "ბავშვმა გაკვეთილი არ იცოდა და ამიტომ გალახეს!" "ქმარმა იეჭვა, რომ მისი ცოლი სხვის კაცს ცუდად უყურებდა და აბა, რა უნდა ექნა? მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა!.." "გააუპატიურებდა, აბა, რას იზამდა, ისე გამომწვევად აცვია!" მერე მოძალადეს დამცველიც კი გამოუჩნდება, ძალადობის მსხვერპლს კი ჭორავენ და ჭორავენ!
როცა შენს უბედურებას უყურებენ, ვითომ ეცოდები, - საწყალი, რისი გადატანა უწევსო, მაგრამ პირადად მე, გულიდან ამოსული სითბო არასდროს არავისგან მიგრძნია. არავის უცდია ჩემი დაცვა.
ჩემი "დიდი ჯოჯოხეთი" კი ასე დაიწყო: 15-16 წლის ვიყავი, როცა გადაწყვიტეს, რომ ჩემი გათხოვების დრო იყო. ოჯახში 2 ვაჟი ჰყავდათ მისახედი და მე ზედმეტი ვიყავი. მართალია, ქალის ხელი ზედმეტი არასდროს არის, მაგრამ დედასაც არავინ ზოგავდა მუშაობით და, - რა უჭირს, თუ ზედმეტ ტვირთსაც ავკიდებთო ზურგზე, - ასე ფიქრობდნენ სახლში მამაკაცები. ქალი ხომ ეშმაკზე რამდენიმე წუთით ადრეა დაბადებული და ყველაფერს გაუძლებსო, - ურცხვად ამბობდნენ...
მოკლედ, აქტიურად დაიწყეს სასიძოს ძებნა და როცა ჩემი შერთვის მსურველი გამოჩნდა, არც უკითხავთ, მე რას ვფიქრობდი, მაშინვე მიმათხოვეს 18 წლით უფროს მამაკაცს, რომელიც მეზობელი რაიონიდან იყო: ჩვენებური კაცია და ცუდი სიძე არ იქნებაო. გამაყოლეს ისე, როგორც გასაყიდ ძროხას ატანდნენ მსურველს. ქორწილიც კი არ მქონია მე უბედურს. არავის გამოუხატავს სიხარული, როცა ახალ ოჯახში შევედი და არავის მოურთმევია ჩემთვის ოქრო-ვერცხლი ან თუნდაც, ყვავილები. შემიყვანეს სახლში, პატარა მაგიდასთან დამსვეს, თვითონვე დალიეს, ჭამეს, მერე კი სოროსავით პატარა ოთახში შემაგდეს, სადაც ჩემი ტანჯვა-წამება დაიწყო.