წინასაარჩევნო პერიოდში ყველას აქვს დაინტერესება პოლიტიკური პროცესები მართოს და ამისთვის გამოიყენოს უნივერსიტეტი, - ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ლექტორებთან და პროფესორებთან შეხვედრისას განაცხადა.
პაპავას ინფორმაციით, სამწუხაროდ მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება.
"აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მართული პროცესები, რაც საბოლოოდ უნივერსიტეტს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს", - აღნიშნა ლადო პაპავამ.
უნივერსიტეტის რექტორს კონკრეტული პოლიტიკური ძალები არ დაუსახელებია, თუმცა დაამატა, რომ არიან არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ არსებობენ ქვეყნის მტრები, ვისაც ქვეყანაში აწყობს არეულობა. პაპავას თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, ის აცნობიერებს სიტუაციას და გამწვავების თავიდან ასაცილებლად რექტორის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.