თბილისში ბაზარი შუა საუკუნეებიდან ფუნქციონირებდა. XIX საუკუნის დასწყისში კი ჩვენს ქალაქში რამდენიმე იყო: მეფის მოედანზე (ახლანდელი სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის, ერეკლეს მოედნის მახლობლად), თათრის მოედანზე და მეტეხთან. ბაზრებს სავაჭრო რიგებსაც უწოდებდნენ, სადაც კონკრეტული დასახელების პროდუქცია იყიდებოდა. თითეულ რიგს საკუთარი დასახელება ჰქონდა, რომელიც შემდეგ ამ რიგების ადგილზე გაჩენილ ქუჩებს უწოდეს. მაგალითად - ხარაზხანა, ბამბის რიგი, რკინის რიგი. ახლანდელ შარდენის ქუჩას წარსულში ბნელი რიგი ეწოდებოდა - ვიწრო ქუჩაზე წვიმის დროს, პროდუქცია რომ არ გაფუჭებულიყო, გადახურული იყო, ამიტომ ბნელი რიგი ეწოდა. როგორც უკვე მიხვდით, ამჯერად ჩვენი საუბრის თემა თბილისის ძველი ბაზრებია.
წარსულში მოკლე ექსკურსს ამჟამად პროფესორ თენგიზ კვირკველიას წიგნიდან - "ძველთბილისური დასახელებანი" ამონარიდები გაგვიწევს.
1880 წლისთვის თბილისის სავაჭრო ცენტრად "თათრის ბაზარი" მიიჩნეოდა, სადაც დღის განმავლობაში 20 ათასამდე ადამიანი იკრიბებოდა. იმ დროს იქ არა მარტო საყიდლებზე, ახალი ამბების გასაგებადაც დადიოდნენ.
1887 წელს კი თბილისში ოთხი ყველაზე ცნობილი ბაზარი იყო - ავლაბარში; "სალდათის ბაზარი" - ახლანდელი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე; ასევე, "თათრის ბაზარი" და "ვერის ბაზარი" (1884 წელს ერევნის მოედნიდან ვერაზე გადაიტანეს).
"სალდათის ბაზარი"
"სალდათის ბაზრს" "რუსის ბაზარსაც" უწოდებდნენ, რადგანაც იქ კვირაობით რუსი ჯარისკაცები იკრიბებოდნენ. ერთგვარი ბაზრობა იყო, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი იყიდებოდა: ავეჯი, ჭურჭელი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული. ზამთარში, საახალწლოდ "სალდათის ბაზარზე" გასაყიდად გამოჰქონდათ ნაძვის ხეები. იმდროინდელი ტფილისისთვის ნაძვის ხე ახალი ხილი იყო.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისის სხვადასხვა უბანში დიდი თუ პატარა ბაზარი იყო გახსნილი. ერევნის მოედანზე შეშით და თივით ვაჭრობდნენ, კვირაობით, მოედნის მახლობლად, ბარიატინსკის ქუჩაზე, ახლანდელ ჭანტურიაზე ძველი ავტმობილების ბაზრობა იყო. ტფილისში ასევე, ცნობილი იყო სომხის ბაზარი. ეს სახელწოდება XIX საუკუნეში გავრცელდა, მეორენაირად ამ ბაზარს "შუაბაზარს" უწოდებდნენ. ქუჩა, რომელზეც შუაბაზარი იყო, კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი ლესელიძის ქუჩის ხაზს გასდევდა. შუაბაზრის ქუჩა თბილისის ძირითად ბირთვს - კალას ორ უბნად, ზედა და ქვედა კალად ყოფდა. ამიტომ, შეერქვა შუაბაზარი.
"მალაკნების ბაზარი"
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისში რუსეთიდან სექტანტი - მალაკნების გადმოსახლება დაიწყო. თავდაპირველად, ისინი რიყეზე სახლდებოდნენ, მოგვიანებით მათი დასახლება ახალი კუკიის ტერიტორიაზე გაჩნდა, რკინიგზის გაღმა. მალაკნებს თავისი სასაფლაო და ბაზარი ჰქონდათ. ეს ბაზარი XX საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა. საკოლმეურნეო ბაზარი იყო, რომელიც რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და "საბჭოს ქუჩის" შესაყართან მდებარეობდა. ბაზარი მალაკნების საზოგადოებას ეკუთვნოდა, 1860-იან წლებში იყო დაარსებული. მალაკნები ძირითადად მედროგეები და მეეტლეები იყვნენ. ბაზარში თევზით, მარილით, ბოსტნეულითა და რძით ვაჭრობდნენ. სხვათა შორის "მალაკნების ბაზრის" სახელი იმ ადგილს დღემდე არსებობს.
"დეზერტირის ბაზარი"
დიდუბის საკოლმეურნეო ბაზარს დღესაც "დეზერტირის ბაზრის" სახელით მოიხსენიებენ. ცენტრალური ბაზრის სახელწოდება 1920-იან წლებში დამკვიდრდა, რადგანაც ჯარისკაცები ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ყიდნენ.
ბაზრის ტერიტორიაზევე, 1912 წელს ახლანდელი მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი თბილისის სპორტსაზოგადოება "სოკოლისა" და ბაქოს გუნდს - "ბრიტანულ კლუბს" შორის. "დეზერტირის ბაზრის" ძველი შენობა, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, რომელიც 2007 წელს დაანგრიეს. ახლა მის ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელსაც ძველი სახელწოდება შემორჩა.
მომზადა ლალი ფაციამ
AMBEBI.GE