"ვგმობთ იმ მედიასაშუალებების ქმედებებს, რომლებმაც სხვადასხვა საბაბით, ხელი შეუწყვეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ტირაჟირებას და ვწყვეტთ მათთან საქმიან ურთიერთობას. დღეიდან ჩვენ აღარ დავეყრდნობით სააგენტო IPN-ის მიერ გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციას, რადგან სააგენტომ უგულებელყო, როგორც ჟურნალისტური ეთიკის, ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები" - ეს ნაწყვეტია "რუსთავი 2"-ის საგანგებო განცხადებიდან, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებმა 11 მარტს, საღამოს "კურიერის" ეთერში გააკეთეს.
მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი სხვებთან ერთად "ინტერპრესნიუსი" იყო, რომელიც ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გარკვეული ნაწილის თავდასხმის ობიექტი გახდა, მას შემდეგ რაც საინფორმაციო სააგენტომ Youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც შესაძლებელი იყო ფიგურანტი ადამიანის იდენტიფიცირება.
თუმცა, "საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის" მიუხედავად, ტელეკომპანია მაინც იყენებს "ინტერპრესნიუსის" ტექსტებს, შესაბამისად ეყრდნობა სააგენტოს. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე "ინტერპრესნიუსის" რედაქტორი თამუნა ნეფარიძე წერს და ნიმუშად მოჰყავს დღეს საიტზე განთავსებული ნიუსი, რომლის დაკოპირებული ტექსტი "რუსთავი 2"-ზე გამოქვეყნდა.
"როგორც მოსალოდნელი იყო დღე ისევ "ინტერპრესნიუსთან" ერთად იწყება და მთავრდება! მიუხედავად "კურიერში" დადგმული საჯარო სპექტაკლისა, რომ "რუსთავი 2" იპნ-თან თანამშრომლობას წყვეტს, ესეც მორიგი სიცრუე აღმოჩნდა და როგორც მოსალოდნელი იყო, რ2 ისევ გვეყრდნობა და გვენდობა! იხილეთ ერთი-ერთში დაკოპირებული ტექსტი ჩვენი ინფორმაციიდან, რომელიც იპნ-ზე გამოქვეყნდა 13:41 საათზე, რ2-ის საიტზე კი დაიდო 14.27 საათზე. გმადლობთ, რომ ისევ გვეყრდნობით და გვენდობით!" - წერს "ინტერპრესნიუსის" რედაქტორი თამუნა ნეფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის საიტიდან შესაბამისი ნიუსი გაქრა.