"დღეს ჯაბას დაბადების დღეა... უკვე მერვე წელია ჯაბა ბოჯგუა თავის დაბადების დღეს კომაში ხვდება... დედა და ბებია ყოველ წამს, ყოველ წუთს ელოდებიან მის გამოჯამრთელებას... გმირობის ტოლფასია ეს ყველაფერი... ვუსურვოთ ჯამრთელობა და ბევრი სიკეთე ჯაბას... ყველაზე მეტად თავის დაბადების დღეს ზეიმობდა ხოლმე... იმედია, ეს ზეიმი კვლავაც გაგრძელდება..." - ვკითხულობთ პოსტში, რომელიც მომღერლის ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოქვეყნდა.
ჯაბა ბოჯგუას ამჟამინდელი მდგომარეობის გასარკვევად და ოჯახისთვის იუბილის მისალოცად, ჯაბას დედას მანანა გვასალიას დავუკავშირდით:
- დედისთვის ძალიან რთულია, ერთადერთ შვილს, წლების განმავლობაში, ასეთ მდგომარეობაში ხედავდეს... გამძლეობას გისურვებთ.
- დიდი მადლობა... დღეს ჯაბას დაბადების დღეა, მერვე წელია, რაც ჩემი შვილი კომაშია...
- როგორაა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მას ყველაფერი ესმის, ლაპარკით დაწყებული, ხელის მოკიდებით დასრულებული, ყველაფერს გრძნობს. უბრალოდ, კონტაქტში შემოსვლა არ შეუძლია. იმედი არ დამიკარგავს და ამ დრომდე სიკეთეს ველოდები... ჯაბა საერთოდ, ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომ აუცილებლად გონს მოვა, ხომ გეუბნებით, მე ამის მჯერა! შემართებით ვარ. რასაც თავიდან ვუკეთებდი, იმავეს ვუკეთებ, არაფერი მომიკლია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს მის დაბადების დღეზე ახლობლები მოვიდნენ, პატარა ტორტიც მოუტანეს, აღვნიშნეთ, 37 წელი შეუსრულდა, 29 წლის იყო ამ დგომარეობაში რომ აღმოჩნდა...
- ამბობთ, რომ ახლა მას ყველაფრი ესმის. ადრე ასე არ იყო?
- არა, შეგრძნება არაფერზე ჰქონდა. ახლა ხომ ვამბობ, თითქმის ყველაფერი ესმის, მაგალითად, სინათლის ჩაქრობა არ სიამოვნებს და ამას მაგრძნობინებს, უსიამოვნო თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ვლაპარაკობ, რომელ მხარესაც ვდგავარ, იმ მხარეს მოაქვს თავი, სმენით მომყვება, კარის კაკუნზე აქვს რეაქცია. ექთანი რომ ვენაში კათეტერის დასაყენებლად მოდის, ან წნევა უნდა გაუზომოს, თუ არ უთხარი, რას უკეთებს, ხელს არაფრით მოგაწვდის, ჭირვეულობს. მოკლედ, ამ ყველაფერზე რეაგირებს. ტკივილის შეგრძნება აქვს. ჩემთვის დღე და დამე გაერთიანებულია, ყოველ 2 საათში ერთხელ, ვაბრუნებ, აქამდე ისე მოვიყვანე, რომ ნაწოლები არ აქვს.
ღამით ყოველ ჩემს წამოდგომაზე იმისთვის, რომ დავხედო, როგორ არის, ხელი გადავუსვა, მივეფერო, პირს ამოძრავებს და თბილი თვალებით მიყურებს, თითქოს როდის ავდგები, მდარაჯობს.
- ისევ იმ სახლში ხართ, სადაც ქირით ცხოვრობდით?
- კი, ქირით ისევ იქ ვართ. მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, მოსახლეობის, ასევე ემიგრანტი ქართველების. ვხვდები, რომ მათ ჯაბა ჰყვარებიათ და ახსოვთ. ხანდახან მირეკავენ, მეხმაურებიან, მცირედითაც მეხმარებიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მთავრობაც წამლებით მეხმარება შეძლებისდაგავარდ, თუმცა ჯაბას ბევრი სჭირდება. ახლა მაგალითად, მასაჟებია აუცილებელი, რადგანაც უმოძრაოდ აქვს კიდურები, ცოტა არ იყოს, დეფორმაციაც მიიღო, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, ღვთისგან არის მოვლენილი და ვნახოთ, რა ვიცი, მისი ნებითვე, მჯერა ჩემი შვილი სკამზე დაჯდომას შეძლებს. როგორც იცით, ჩემთან ერთად, 80 წლის ბებოც უვლის, არაფერს აკლებს, რაც შეუძლია, ყველაფერს უკეთებს. მე სახლიდან გართ ვერ გავდივარ, ჯაბას მიტოვება არ შეიძლება...
ბინაზე მკითხეთ და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კიდევ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენი ჭერი არ გვაქვს. აქედან შემთხვევით რომ გაგვიშვას მეპატრონემ, სხვას ალბათ გაუჭირდება ასეთი ავადმყოფის თავის სახლში მიღება. არავის უნდა ასეთი პაციენტის მიღება. ამიტომ, ამ თემაზეც ვნერვიულობ. იქნებ მთავრობამ რაღაცნაირად მოახერხოს და ჩვენთვის სადმე ერთი ოთახი გამოჰყოს.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE