თვრამეტი მოგება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი წაგება და ისიც შორეულ 1993 წელს, მაშინ როცა ქართული რაგბი ჯერ კიდევ არ იდგა ფეხზე. ამის მერე მხოლოდ გამარჯვება იყო ჩვენი მონაპოვარი. ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა, რომლის დარღვევის იმედიც რუსებს წელს ჰქონდათ, მაგრამ მათმა ოცნებამ მინიმუმ ერთი წლით გადაიწია (თუმცა იმედი მაქვს, რომ ერთი წლის მერე, კიდევ ერთი წლით გადაიწევს და ასე გაგრძელდება უკუნითი-უკუნისამდე).
საქართველოს ნაკრებს ძირითადი რამდენიმე მოთამაშე აკლდა, რაც მასპინძლებს წარმატების იმედს აძლევდა. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ბრწყინვალედაა რუსულად თარგმნილი, მათ მაინც არ იციან - ლეკვი ლომისა სწორიაო, თორემ ისიც ეცოდინებოდათ, რომ მას ვისაც "ბორჯღალოსანი" ჰქვია, უკვე ბოლომდე დახარჯვა სჩვევია და ყველა თამაშს ისე თამაშობს, თითქოს იმ 80 წუთში წყდებოდეს საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ბედი.
თურმე რამდენიმე წლის წინ რუსი მაღალჩინოსნები, ჩვენთან მოგების სანაცვლოდ, რუს მორაგბეებს მაღალი კლასის ავტომობილებს და მსუყე პრემიებს დაპირებიან (მაშინ როცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ რუსეთის ნაკრებს არაფერი მსგავის არ მიუღიათ). არ ვიცი, წელსაც იყო თუ არა მსგავსი დაპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან მოგება რუსული რაგბის ჯერ კიდევ ამოუხსნელი ამოცანაა.
ამოცანის ამოსახსნელად ყველა მეთოდია გამოყენებული, მახსოვს 2008 წელს, ქართველებს კრასნოიარსკში ისეთ ყინვაში დაუხვდნენ რუსი "დათვები", რომ სათადარიგო მოთამაშეებს სტადიონზე ბუცები მიეყინათ. მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც არ დადგა, არც ქართველთა კარგად მცნობმა კლოდ სორელის ნაკრებში მიყვანამ უშველათ. სამომავლოდ კიდევ რას მოიმოქმედებენ ამოცანის ამოსახსნელად, რთულია გამოცნობა, მაგრამ ამოხსნა რომ ძალიან გაუჭირდებათ, ფაქტია.
რუს მორაგბეებს, "ბორჯღალოსნების" ერთგვარი ფობიაც ჩამოუყალიბდათ, სტადიონზე ისეთი განწყობით გადიან, თითქოს უკვე იციან შედეგი, რაც ბუნებრივია თავის გავლენას ახდენს თამაშზე, მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები ისე დაუხვდნენ ახალი ზელანდიის მართლაც უძლიერეს ნაკრებს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონებს კი არა, ერთ რიგით ნაკრებს ეთამაშებოდნენ.
მოკლედ, მოვიგეთ. წაგება არ გვეპატიებოდა, არა იმიტომ, რომ ჩვენს წინ რუსეთის ნაკრები იყო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი უკვე სხვა მწვერვალების დაპყრობას ცდილობს, ვიდრე ევროპის ერთა თასია. ჩვენი მიზანია, რომ წლევანდელ ტურნირში ყველას დამაჯერებლად მოვუგოთ, რათა რაგბის მამებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, რომ ჩვენი ადგილი უფრო მაღლაა, ვიდრე ახლა ვართ.
თამაშის დასრულების მერე გენიალური იპოლიტე ხვიჩიას ფრაზა გამახსენდა ბაადურ წულაძის ფილმიდან "ფეოლა", სადაც ხვედელიძე ფეოლას ეუბნება:
- მოვიგეთ ფეოლა
- გაგიჭირდებოდათ!
მოვიგეთ, გაგვიჭირდებოდა!
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE