საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში ავტომანქანების მძღოლები ძალიან ბევრს "სცოდავენ". საჭეს ხშირად მართავს გამოუცდელი ადამიანი. საქმე განსაკუთრებით რთულდება კრიზისულ სიტუაციაში. შესაბამისად, საცობები, ავარიები და ხშირად ამ ყველაფრის ფატალური შედეგები სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი თემაა.
სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალ AUTO BILD-ის მარტის ნომერთან ერთად გამოვიდა წიგნი "ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს", რომელიც მძღოლებს ავტომობილთან და მის მართვასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების მარტივად დაძლევაში დაეხმარებათ. რა კონკრეტულ რჩევებს ამოიკითხავს მკითხველი წიგნის პირველ ნაწილში, როგორია მისი სპეციფიკა და რამდენად ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე AMBEBI.GE "ავტობილდის" რედაქტორს შალვა ბუაჩიძეს ესაუბრა.
"ჩვენს სამიზნე აუდიტორიაში არ მოიაზრებიან მხოლოდ დამწყები მძღოლები, თუმცა მათ რეალურად ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი. მასში გამოცდილი მძღოლებიც უამრავ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენენ. წიგნი ძალიან მარტივად და საინტერესოდ იკითხება. ამავდროულად, ამომწურავ ინფორმაციას და კონკრეტულ პრაქტიკულ რჩევებს მოიცავს. როგორ ვიაროთ ნისლში, სიბნელეში, თოვლში, როგორ მოვიქცეთ საცობში და სხვა დამაბრკოლებელ სიტუაციაში, როგორ შევარჩიოთ ავტომობილი სწორად. ინფორმაცია, რომელიც ამ მცირე ზომის წიგნშია თავმოყრილი - ყველას გამოადგება"
- როგორია წიგნის სპეციფიკა და რამდენადაა იგი მორგებული ქართულ რეალობასთან?
- შეიძლება ითქვას, რომ ის სრულად ადაპტირებულია ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან. წიგნი მომზადებულია გერმანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თუმცა ქართული რეალობის აბსოლუტური გათვალისწინებით. მასში თავმოყრილია ყველაფერი ის, რაც სჭირდება ქართველ მძღოლს. წიგნი თავებადაა დაყოფილი და მასში ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლედ, თან მარტივადაა გადმოცემული.
- პრაქტიკული გამოცდილებით გამყარებული თეორიული ცოდნა არის სწორედ ის, რაც ქართველ მძღოლებს სჭირდებათ?
- წიგნი ორიენტირებულია მძღოლისთვის განათლების მიცემაზე. დღეს ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დამრღვევი მძღოლი გვყავს საქართველოში. ისინი ნებსით თუ უნებლიედ უშვებენ შეცდომებს და ეს შეცდომები ზოგჯერ ძვირად უჯდებათ. საბედნიეროდ, გვყავს კარგი მძღოლებიც, რომლებიც ცდილობენ არ დაარღვიონ, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ბევრია ისეთი, რომელიც თავხედობს გზაზე. ეს ქმნის უამრავ პრობლემას და ამძაფრებს ისედაც რთულ სიტუაციას, თუნდაც საცობების კუთხით. ამ ადამიანებს მაგალითი უნდა მივცეთ და ვასწავლოთ, როგორ უნდა იქცეოდეს კარგი მძღოლი იმისთვის, რომ არც სხვას შეუქმნას საფრთხე და მანქანაც მუდამ მწყობრში ჰყავდეს. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს მკითხველი ამ წიგნიდან გაიგებს.
- სად და რა ფასად შეუძლია მკითხველს წიგნის შეძენა?
- წიგნი ჟურნალ AUTO BILD-თან ერთად, პრესის გავრცელების წერტილებში იყიდება, მისი სპეციალური ფასია 2 ლარი, ჟურნალთან ერთად კი 5 ლარი ღირს. წიგნი სამ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილი AUTO BILD-ის მარტის ნომერთან ერთად იყიდება, მეორე და მესამე ნაწილები კი აპრილში და მაისში გამოვა.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE