ოთხი წელი დიდ სცენაზე იდგა. ქუჩაში ცნობდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ, ესიყვარულებოდნენ... სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, 81 წლის ლამარა მახარაშვილი დღეს ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ლეგენდარული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლში მოხვედრამდე იყო გრძელი და რთული გზა - დაიბადა კახეთში, სოფელ მაღაროში, სადაც მშობლებთან და ძმასთან ერთად 5 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ მარტოხელა მამიდამ თბილისში წამოიყვანა...
სუხიშვილები
"სუხიშვილები განსაკუთრებული ფენომენია. როგორც დღეს, ადრეც სუხიშვილობა სტატუსი იყო, ამის გამო ყველა პატივისცემით გვეპყრობოდა. ახლაც ყურში ჩამესმის მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში სუხიშვილების ცეკვით მოხიბლული მაყურებლის ოვაცია და ტაში. ანსამბლში სულ 4 წელი დავყავი. მერე ოჯახის სიმძიმე დამაწვა მხრებზე... ილიკოს და ნინოს ძალიან დასწყდათ გული, როცა ვუთხარი, ანსამბლიდან უნდა წავიდე-მეთქი. ისინი უწინარესად დიდი ადამიანები და სანიმუშო მშობლები იყვნენ. მითხრეს, - ყველაზე დიდი საქმე ღირსეული მშობლობააო და გზა დამილოცეს. ნინო ჩემთვის დღესაც მისაბაძი ქალბატონია. მეც მასავით ვატარებ ჩალმას, ბროშს, მაკიაჟსაც მისნაირად ვიკეთებ..."
ტრაგედია
"შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ვცადე, ალკოჰოლსაც მივეძალე. შინიდან გაპარულს ჩემი ბიჭის საფლავზე მპოულობდნენ... მეუღლე ნაადრევად გარდამეცვალა. ჩემი ქალიშვილი პროფესიით ექიმია, ამჟამად ამერიკაშია. ჩემი ნინოც ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა, პატარა შვილები დარჩა.
ვაჟმა პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. კათედრაზე დატოვეს სამუშაოდ. ახალგაზრდა კაცი ანევრიზმით გარდაიცვალა. თავს დატეხილმა უბედურებამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. მტკვარში გადავხტი, მაგრამ გადამარჩინეს... მთელ ღამეებს სასაფლაოზე ვათენებდი. არ ვფიქრობდი, რომ მეორე შვილსაც ვჭირდებოდი..." განაგრძეთ კითხვა