შსს-მ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირის ლევან მექვაბიშვილის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის დროს ლევან მ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს.
"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე ლევან მ. თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.