ალბათ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, შესაბამისად, ველოდებით ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძემ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს მიერ პეტრიაშვილზე თავდამსხმაში ბრალდებული პირის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ეკა მიშველაძისთვის უცნობია, ვინ არის დაკავებული ლევან მ. ვისზეც შსს-ს განცხადებაშია საუბარი.
"ლევანი ჰქვია მილიონობით ადამიანს. როგორ მივხვდებით ვინ არის, ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ალბათ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. შესაბამისად, ველოდებით ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ერეთი რამ - ძალიან კარგია, რომ ასეთი წინსვლა აქვს გამოძიებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარება მას საქმის საბოლოოდ გახსნაში და დასრულებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ დაკავებული იყოს მეორე მონაწილე და, რა თქმა უნდა, გამოძიებული იყოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და თუ ჰყავს ამ საქმეს შემკვეთი, რა თქმა უნდა, შემკვეთიც უნდა იყოს დაკავებული", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს. მისი აყვანა ბორჯომში მოხდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.