21-ე საუკუნეში გენდერულ თანასწორობაზე სულ უფრო მეტს საუბრობენ, თუმცა ქართველი კაცების უმეტესობა ამ თანასწორობის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ოჯახში მთავარი მამაკაცია. როგორ უნდა იყოს ოჯახში გადანაწილებული ქალისა და კაცის როლი, ამის შესახებ ცნობილი მამაკაცებისგან შეიტყობთ.
ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთელი):
- როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ოჯახში ქალის და კაცის როლი?
- 51/49. კაცი მაინც კაცია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბოლოს მაინც კაცი იღებს.
- და ქალი რას აკეთებს?
- ქალი ეხმარება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სისწორეში. გაყოფილი არ არის ქალის და კაცის საქმე, მაგრამ სამზარეულოში მაინც ქალი უნდა ტრიალებდეს.
- მთელი დღით სამსახურში გაუშვებ ცოლს?
- ცოლი თუ ვერ ვნახე და ცოლმაც თუ ვერ მნახა, არ მინდა ეგეთი ოჯახი. ამის გამო ოჯახს არ დავანგრევ, მაგრამ მე ისე მოვახერხებ, რომ უფრო დიდხას ვიყოთ ერთმანეთთან.
- სახლს დაალაგებ, ბავშვებს მოუვლი, შეს ტანსაცმელს თავად მოაწესრიგებ?
- თუ საჭირო გახდა, რა პრობლემაა? მიჩვეული ვარ. ბავშვების მოვლას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ეგეც იოლია, თავის ჭკუაზე მივუშვებ პატარებს, დაანგრიონ და დალეწონ ყველაფერი. ცოცხალი და აქტიური ბავშვები მიყვარს მე.
- როგორია შენი წარმოდგენით იდეალური ცოლი?
- იდეალური არავინ არის და არც ცოლი იქნება. მთავარია ხასიათებით შევეწყოთ, გამგები და ერთგული იყოს და სიგიჟემდე ვუყვარდე.
- შვილიან ქალს მოიყვან ცოლად?
- შვილიანმა რა დააშავა? ჯობია უშვილო, მაგრამ თუ შემიყვარდა, მოვიყვან, აბა რას ვიზამ.
- დედის აზრს ექნება შენთვის მნიშვნელობა?
- კი, როგორ არა. მაგრამ არა გადამწყვეტი.
მერაბ შარიქაძე (მორაგბე):
- გადაჭრით ვერ გეტყვით, როგორ უნდა იყოს ქალის და მამაკაცის როლი ოჯახში გადანაწილებული. ნატურალურად როგორც მოხდება და აეწყობა, ისე უნდა იყოს ოჯახში ყველაფერი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგიერთ საკითხში მამაკაცი უნდა იყოს ლიდერი და პირიქით.
- დაეხმარები საოჯახო საქმეების გაკეთებაში?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე სისტემატიურად ალბათ ვერ დავეხმარები, მაგრამ ხანდახან რატომაც არა.
- განათხოვარ ქალს მოიყვან ცოლად?
- სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი.
- დაქალებთან ერთად კლუბში მარტო გაუშვებ?
- ხშირად თუ მოხდება ასეთი ფაქტი, არ მესიამოვნება, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში გავუშვებ.
კახა კინწურაშვილი (მსახიობი):
- ორივემ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ვის სიტყვას უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს მიდგომას და სიტუაციას გააჩნია. ორივე თანაბარია ყველაფერში.
- მთელი დღე დაკავებული ცოლი მისაღებია თქვენთვის?
- პროვოკაციული კითხვაა. საქმე როგორც მოითხოვს, ისე უნდა გადანაწილდეს ყველაფერი. წყვილმა ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოს, ხანდახან შესაძლოა ქმარი მოვიდეს ღამის 1 საათზე, ხანდახან ცოლს ჰქონდეს გვიანობამდე სამუშაო და ა.შ.
- ბევრი კაცი წინააღმდეგია ცოლს საოჯახო საქმეების გაკეთებაში დაეხმაროს...
- ამის წინააღმდეგი არ ვარ, ყველა თავისით გადაწყვიტავს. ყველას თავისი მიდგომა, ინტერესი და დამოკიდებულება აქვს. მე ბავშვის მოვლაზეც ვინაწილებ პასუხისმგებლობას და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს, თანაბრად უნდა გადაინაწილონ ყველაფერი, არსებობაც, ცხოვრებაც, შვილის მოვლაც და ა.შ.
მასტერი (რეპერი):
- როგორ უნდა იყოს ოჯახში გადანაწილებული ქალის და მამაკაცის ფუნქციები?
- პირველ რიგში, ეს ალბათ თავად წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გადაინაწილებენ ფუნქციებს, ამას არ ჭირდება კონტრაქტები და წესები - ურთიერთობაში თავად ჩამოყალიბდება. არ მაქვს რაიმე რადიკალური შეხედულება, რომ ქალი სახლში იჯდეს და მხოლოდ ბავშვებს მოუაროს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა მამაკაცი სახლში დაღლილი ბრუნდება და სახლში მეუღლე დახვდება, რომელიც გემრიელ ვახშამს დაახვედრებს... რთულია, როცა კაცი იღვიძებს და მეუღლე გვერდით არ ჰყავს და სამსახურშია წასული. რთულია, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. გადაწყვეტილების მიღებას რაც შეეხება, აქაც არ გამოვა კაცის მხრიდან დიქტატურა, ჯობია ორივე ერთ აზრზე იყოს, ასე უფრო გამარტივდება ოჯახის წარმატება. ისე, ქალი კარგად ანაწილებს ოჯახის ბიუჯეტს - ასე მსმენია, რატომღაც ქართველი კაცი ზოგიერთისთვის მარტო "ნასკი გამხადესთან" ასოცირდება, არ ვიცი, საიდან შემოვიდა ეს მითი. შეიძლება კაცების ბრალია - შეიძლება ქალების გადამეტებული ემოციურობის, არ ვიცი! ცემა - ტყეპა - ლანძღვა - გინება ჩემთვის მიუღებელია, თუ ფიქრობ, რომ ქალი საცემია, უბრალოდ, უნდა ადგე და წახვიდე ოჯახიდან!
- შენმა ცოლმა გვიანობამდე რომ იმუშაოს და ხშირად რომ ბრუნდებოდეს ნასვამი სახლში, რა რეაქცია გექნება?
- ამ შემთხვევაში ფეხბურთის მსაჯის პრინციპით ვიმოქმედებ, ორი ყვითელი ბარათი = წითელ ბარათს. მოედნიდან გავაძევებ, ან თავად დავტოვებ მოედანს, მაგრამ თავიდან 1 ყვითელ ბარათს ვაჩვენებ გაფრთხილებისთვის. გოგოებთან ერთად დაბადების დღეზე გავუშვებ ცოლს, არ მექნება პრობლემა და მაგარი მთვრალიც რომ მოვიდეს, ზუსტად ისე მოვუვლი, როგორც ჩემს ძმაკაცებს ვუვლი ხოლმე, (შუბლის დაჭერებით და არანაირი შენიშვნებით). რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაში მიდის, სად, ვისთან და ა.შ. ისე მე მიყვარს, როცა გოგო სვამს ალკოჰოლს ზომიერად, რა თქმა უნდა.
- ძალიან დატვირთული ცოლი მისაღებია შენთვის?
- რომ ვუყურო ჩემი საყვარელი ადამიანი როგორ იღლება ამდენი საქმისგან, ძალიან მძიმე იქნება ჩემთვის, ვეცდები, რომ ასე არ მოხდეს.
თუ ის ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ღებულობს და მისი ცხოვრების პრინციპია ჰიპერ აქტიურობა - კი ბატონო. მაგრამ სახლს არ უნდა მოაკლდეს მისი ხელი, არც სახლს, არც მე.
- განათხოვარ და შვილიან ქალს თუ მოიყვან ცოლად?
- თუ შემიყვარდა კი, "თუ შემიყვარდა" ზედმეტი იყო, სიყვარულის გარეშე, რა თქმა უნდა, არ მოვიყვან არავის. ქალიშვილობას რაც შეეხება: ძალიან კარგი იქნება თუ ჩემი რჩეული არ იქნება ვინმეს ნაფერები. ცხოვრებაა რა, არავინ იცის, ვის რა აქვს გამოვლილი და როგორ, აუცილებლად ვუყურებ ადამიანის წარსულს. მე არათუ ცოლად მოყვანა, არამედ გვერდითაც არ მყავს თუნდაც მხოლოდ გასართობად გოგო, რომელიც ქალაქშია "ნათრევი", ძალიან დიდი განსხვავებაა "ნათრევსა" და არა ქალიშვილ გოგოს შორის, ძალიან დიდი, ხშირად ქალს ტყუილს ვერ შეამჩნევ ლაპარაკში, მაგრამ არაფერი იმალება ამ ქალაქში.
- რას ნიშნავს ნათრევი გოგო?
- ნათრევი - პირდაპირ პროპორციულია სიტყვა ბოზთან. ბოზი = საკუთარი კომფორტისთვის ყველაფერზე წამსვლელს ნიშნავს. ბნელი გრუზინი ხარო, ისედაც მეუბნებიან ზოგიერთები და მითუმეტეს, არც არაფერი შეიცვლება ამას თუ ვიტყვი:
მაგრად მიტყდება ამის თქმა, მაგრამ "პაგალოვნად" ბევრი ბოზობს ფაქტია... ყველგან ბოზობენ, რა თქმა უნდა, მოსკოვში ვარ 2 წელია და მაგის მეტს რას ვხედავ. მაგრამ საკუთარ ქალაქში რომ უყურებ მართლა კარგი ვიზუალის გოგოებს და მართლა ბანძი ფაქტები რომ გხვდება ამ ადამიანებზე, ძალიან მწყინს!
- დედის აზრს გაითვალისწინებ ცოლის მოყვანისას?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედაჩემის აზრს, რადგან ის მართლა ახლო მეგობარია ჩემთვის.
ბაჩო კოლელიშვილი (მორაგბე):
- არც არის ეს სალაპარაკო. მომენტს გააჩნია, შესაძლოა, იყოს საკითხი, როცა ქალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პირიქით. სხვას ვერაფერს გეტყვით.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE