2015 წლის დეკემბერში დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა. უფრო შემზარავი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აღმოჩნდა - მამა-შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობაში ბრალი მეუღლეს და დედას მაგდა პაპიძეს ედებოდა. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ პაპიძემ ქმარ-შვილი წინასწარ განზრახვით მოკლა. შოთაძის უწყებამ საზოგადოების დასარწმუნებლად გარკვეული მტკიცებულებებიც გამოაქვეყნდა, რომელსაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. ფაქტია, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში, დღემდე პასუხზე მეტი კითხვა არსებობს.
Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, როგორია ბრალდების მთავარი ადრესატის, მაგდა პაპიძის პოზიცია გამოძიების ვერსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ბრალდებულის ადვოკატს ირმა ბრელიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ექსკლუზიურად გვიამბო იმის შესახებ, რაც მასთან საუბრისას დაცვის ქვეშ მყოფმა გაიხსენა: "გიყვებით იმას, რაც მაგდამ გადმომცა, მინდა თქვენი მეშვეობით მაგდას პოზიცია ხალხმა გაიგოს. დავიწყოთ იმ დღით, როდესაც ეს უბედურება მოხდა. ამ დღეს მაგდა სახლში იყო, მეუღლემ დაურეკა და სთხოვა, რომ სამსახურიდან ბრუნდებოდა და სადილი დაეხვედრებინა. ომარის დაბრუნების დროს მათთან დედამთილიც ყოფილა. მაგდას თქმით, ორივე ასადილა და თვითონ სალონში წავიდა. საღამოს ბავშვი აუტყდა მამას, ხაჭაპურის ჭამა უნდოდა. როგორც მაგდა იხსენებს, ბავშვი გიჟდებოდა მამაზე, ომარიც მას უარს არაფერზე ეუბნებოდა. ცოტა ხანში მაგდამ დაიწყო სახლის დალაგება. ამასობაში ომარი და ბავშვი სახლიდან გასულან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაგდა შედის დედამთილთან და სთხოვს, რომ ომარის დაურეკოს.
როგორც თვითონ ამბობს, ისიც კი უთხრა დედამთილს, რომ თუ ძალიან დაიგვიანებდნენ, პატრულში დაერეკათ, რაზეც ლილი მინდიკაური უარს ეუბნება. აქაც საეჭვოა, თუ მაგდას წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, რატომ გადაწყვეტდა პატრულში დარეკვას. ამის შემდეგ მაგდა ბრუნდება მის ოთახში. ქმარ-შვილის ლოდინში ჩაეძინა და დედამთილის ზარმა გააღვიძა. ამბობს, როდესაც საათს დავხედე, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტე ომარის და ბავშვის მოსაძებნად გავსულიყავიო. ამ დროს გადის დერეფანში და პირდაპირ აწყდება წაქცეულ, დასისხლიანებულ ომარის. თავზე რომ მოვკიდე, ხელები სისველემ დამიფარაო, ამბობს მაგდა. იმის გამო რომ დერეფანში შუქი არ იყო, გადაწყვიტა გარეთ გაეყვანა, რომ დაენახა რა ხდებოდა. ბავშვიც იქვე ყოფილა დასისხლიანებული. მაგდას ყვირილზე დედამთილი გამოსულა. ამის მერე რა მოხდა მას არ ახსოვს. ერთი იმას ამბობს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, სუნთქავდაო. შემდეგ მოდის პოლიცია და მიჰყავს მაგდა განყოფილებაში. როგორც ამბობს, გზაშივე ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეუბნებოდნენ, რომ შენ მეუღლე საყვარლის გამო მოკალიო. მაგდა განცვიფრებულია, საიდან იცოდა პოლიციამ მკვლელობის მომენტში, რომ დამნაშავე ის იყო. მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ამის თქმის.
- გამოძიებამ მაშინვე თქვა, რომ მაგდამ დანაშაული აღიარა...
- არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. ზოგადად პროკურატურის მტკიცებულება აბსურდულია. შემთხვევის ადგილზე რომ მაგდას დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ამაში გასაკვრი არის რამე? ან უროზე რომ ამოვიდა დნმ-ის კვალი, აქ რა არის გასაკვირი? ქალი ამბობს, მე ვიყიდე ეს უროო. მაგდას აინტერესებს, უროს ტარი რატომ არ იყო დასვრილი სისხლით. თქვენ როგორ გგონიათ, თავში სამჯერ ჩაარტყა ადამიანს, სისხლი მოსხმულია ყველგან და ტარზე ერთი წვეთი არ არის ნაპოვნი. ბევრი საეჭვო ფაქტია, რაზეც დეტალურად პროცესზე ვისაუბრებთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია სასტიკად მოექცა მაგდას. ამბობს, ან როგორ გავუძელი და როგორ არ ვაღიარე თუნდაც კენედის მკვლელობაო. იმ დონეზე ვიყავი ტკივილისგან, ვფიქრობდი მეთქვა ყველაფერიო.
- როგორ ახასიათებს მაგდა მეუღლეს? როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ...
- როგორც მაგდა ამბობს, ძალიან კარგი მეუღლე იყო, მაგრამ არასოდეს არ იყო სახლში და არ იყო თბილი მის მიმართ. ამის მიუხედავად, მაგდას თქმით, ისინი ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ძალიან მოჩხუბარი და შარიანი იყო ომარიო.
იხილეთ ვიდეო| რა უთხრა მაგდა პაპიძეს ქმარმა ტრაგედიის ღამეს - ადვოკატი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ყვება
- როგორც ამბობენ, მაგდას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და ეს პიროვნება ოთო ბერძენიშვილია... რას ამბობს მაგდა ამასთან დაკავშირებით?
- არ ადასტურებს ამას. ან თუნდაც ასე ყოფილიყო, მეგობარი მამაკაცი არ არის საკმარისი მოტივი, რომ ქალმა ქმარ-შვილი დახოცოს. მოტივი სუსტია. ამის გამო უროთი მეუღლის მოკვლა რაღაც არასწორია. ჩემი აზრით, მკვლელმა ყველაფერი კარგად გათვალა.
- მაგდას თუ აქვს საკუთარი ვერსია ქმარ-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით?
- კი, ფიქრობს, რომ ვიღაცამ დაგეგმა მკვლელობა ისე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი მაგდას დაბრალებოდა. თუმცა, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, ამას ვერ ამბობს. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებიც ნახა და თქვა, რომ ბუნკერიდან ამოღებული ბევრი ნივთი მას არ ეცნობა. ჭიქები ამოიცნო და თქვა, რომ ეს დედამთილის არისო, ბავშვის წიგნი ამოიცნო, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე დღით ადრე დაიკარგა. ასევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ მალასაში იყო სისხლიანი ბალიში. მაგდა ამბობს, რომ ეს ბალიში მათ არ ეკუთვნით. რაც შეეხება ხალათს, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილზე გამოძიებამ იპოვა, მაგდას თქმით, რამდენიმე დღით ადრე დაიკარგა... ვის შეიძლებოდა ეს ნივთები სახლიდან გაეტანა, ვერ ამბობს.
იხილეთ ვიდეო| მაგდა პაპიძის ვერსია, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც გათიშული შვილი აღმოაჩინა
- ვინმე კონკრეტულ ადამიანზე თუ აქვს ეჭვი, ვის ადებს მაგდა ხელს?
- ხელს არავისკენ არ იშვერს და ეს არის სწორედ მისი კარგი თვისება. სხვათა შორის, დაკავების პირველივე დღიდან განიხილავდა ვერსიას, რომ ხომ არ უკავშირდებოდა ეს ომარის სამსახურს ან ავტოავარიას... შემოდგომაზე ომარის ავარია მოუვიდა. დააზიანა სხვისი ავტომობილი და უნდა აენაზღაურებინა მისთვის ზარალი. მაგდას თქმით, ამ პერიოდიდან დაიწყო ომარის ფინანსური პრობლემები. საერთოდ სპეცრაზმელები ცოტა სხვანაირები არიან. არ ვიცი, ომარის ვინმე შეურაცხყოფილი ჰყავდა, ფიზიკურად იყო ვინმესთან შეხებული და შური იძიეს თუ რა მოხდა, ვერ გეტყვით. გოგო გაოგნებულია ამ ყველაფრით. ეს საქმე მას გახსნილად არ მიაჩნია და უნდა მკვლელის ვინაობა მალე დადგინდეს.. ესეთი რაღაც მითხრა მან: "ირმა, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ვინ იცის, ჩემი შვილის კუბო მკვლელმა მიიტანა საფლავამდეო". ეს რომ თქვა, ორივე ადვოკატი ვკანკალებდით (მაგდა პაპიძეს ორი ადვოკატი იცავს: ირმა ბრელიძე და მარიამ ფხალაძე).
- ანუ მაგდა განიხილავს ვერსიას, რომ ეს შეიძლება ოჯახის ახლობელს ჩაედინა?
- ესეთ რაღაცას ამბობს და არ ვიცი. ამ გოგოს თვალებში ვკითხულობ ერთს, რომ შველას ითხოვს და მკვლელის დადგენა უნდა.
- გამოძიებამ დღიურში არსებული ჩანაწერი იპოვა, რომლითაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მაგდამ წინასწარ დაგეგმა...
- თვითონ გაუშვა მაგდამ გამოძიება ამ რვეულის საპოვნელად. როგორც ვიცი, ომარიმ მას ლურსმნების და შპალერის კანტების ყიდვაც დაავალა უროსთან ერთად და სწორედ ეს ჰქონდა ჩაწერილი ქაღალდზე. როგორც მაგდა ამბობს, ყველაფრის ხარჯთაღრიცხვას აკეთებდა. მას რომ მკვლელობა წინასწარ დაეგეგმა და თან ეს ყველაფერი დღიურში ჩაეწერა, გამოძიებას მის საპოვნელად გაუშვებდა? გოგო გაგიჟდა. ჩემს ხელწერას მიმსგავსებულია, მაგრამ შეგიძლიათ დაკითხოთ ჩემი მასწავლებლები, რომ ეს ჩემი ხელწერა არ არისო.
- ომარის როგორი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებთან? რას ამბობს მაგდა?
- პირველ რიგში მაგდას სურს გაიგოს ყველამ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ომარი სცემდა, არასწორია. მაგდა ამბობს, რომ გარეთ ძალიან დაუზოგავად იცოდა ჩხუბიო, ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდაო. დედამისს აყენებდა შეურაცხყოფასო. იმასაც იტყვის, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას. ერთ ფაქტს იხსენებს, როდესაც ომარიმ მეზობლის ძაღლს ყელი გამოჭრა. უცნაური ბიჭი იყოო. ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ძმასთან. რაღაც გოგოს თემა ყოფილა. ზუსტად არ ვიცი... მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ერთი, რაც მაგდამ დამაბარა თქვენთან, არის ეს: "გადაეცით ჟურნალისტებს, რომ მაგდა სულ ღაფავს. ნუ განმიკითხავს წინასწარ საზოგადოებაო". იმასაც ამბობს, რომ თუ მაინც მას ცნობენ დამნაშავედ, თავს არ იცოცხლებს.
ექსკლუზიურად Ambebi.ge-სთვის მოამზადა ნინო დათაშვილმა
იხილეთ ვიდეო| მაგდა პაპიძე ციხიდან დედამთილის სკანდალურ განცხადებას პასუხობს
Nino Datashvili Nino Datashvili