სასამართლო სისტემაში პროცესები დრამატულად განვითარდა - როგორც მოსალოდნელი იყო და "კვირის პალიტრაც" სასამართლოში კონფლიქტის დაწყებისთანავე წერდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს უფლებამოსილება შეუჩერა. ახვლედიანი ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობს, თუმცა საბჭოს წევრები მის გათავისუფლებას "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნებს უკავშირებენ. მამუკა ახვლედიანი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და თანამდებობაზე აღდგენასაც არ გამორიცხავს:
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საღამოს 10 საათზე მეილით წერილი გადმომიგზავნა, სხდომაზე მობრძანდითო, თუმცა მალევე ვაცნობე, საკითხში გასარკვევად დრო მჭირდება და იქნებ სხდომა რამდენიმე დღით გადადოთ-მეთქი. როგორც ველოდი, ჩემი თხოვნა არავის გაუთვალისწინებია და მეორე დღესვე უფლებამოსილება არა მხოლოდ როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, არამედ კოლეგიის ხელმძღვანელსაც შემიჩერეს. თუ ცუდი მენეჯერი ვარ და საქმეებს ვერ ვანაწილებ, კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება რატომ შემიჩერეს? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საბჭომ მათ წინააღმდეგ გაჟღერებული განცხადებების გამო შური იძია. რაც მთავარია, მაქვს გეგმა და თუ მისი განხორციელება შევძელი, არ არის გამორიცხული, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დავბრუნდე. პარადოქსია, რომ ამ პროცედურების დასაწყებად საბჭოსგან ჩემი გათავისუფლების ბრძანებას ვითხოვ, მაგრამ მსგავსი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს.
- ბევრი ბრალდება მოვისმინეთ თქვენს წინააღმდეგაც. მოსამართლეების განცხადებით, სასამართლო მეუღლის ნათესავებით დააკომპლექტეთ, საქმეების განხილვაზე უარს ამბობდით და სასამართლოს ბიუჯეტით ბევრს მოგზაურობდით, რამაც სისტემაში მენეჯერული კრიზისი შექმნა. ისიც კი ითქვა, რომ სკანდალურ საქმეებში მონაწილე მოსამართლეებს ლობირებთ.
- საზღვარგარეთ თუ ხშირად დავდიოდი, ამას მარტივი ახსნა აქვს - სხვადასხვა სახელმწიფო ექსპერტის რანგში მიწვევდნენ და სასამართლოს მართვაში გამოცდილების გაზიარებას მთხოვდნენ. რაც შეეხება ლობირებას, როგორ უნდა დამენიშნა კონკრეტული მოსამართლეები, როდესაც საბჭოში წარმომადგენელიც კი არა მყავს. ყველა მოსამართლეს თანაბრად ვგულშემატკივრობ. პირიქით, საბჭოს არამოსამართლე წევრმა მითხრა, ჩუმად იყავი და შენთვის სასურველ მოსამართლეს დავნიშნავთო.