"ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება - ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25-სას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით - მეუღლეებს, ბოლოს კი - ექიმებს", - ფრედერიკ ბეგბედერის ეს სიტყვები წიგნიდან "99 ფრანკი" ალბათ უკვე ბევრისთვის არის ცნობილი. "99 ფრანკი" ქართულ ენაზე პირველად 2010 წელს, გამომცემლობა "პალიტრა L" - მა თარგმნა და წიგნი ცნობილ სერიაში გამოიცა. "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - გამომცემლობა პალიტრა L - ის მიერ ორგანიზებული ამ პროექტის ფარგლებში ქართველმა მკითხველმა, მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად, "99 ფრანკი" ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაასახელა. სწორედ აღნიშნული ფაქტი იყო, გამომცემლობა "პალიტრა L" - ის დირქტორის, თინა ასათიანის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ფრანგი მწერლის რომანი ქართულ ენაზე ითარგმნა.
გამომცემლობამ ქართველ მკითხველს მისთვის სასურველი, მსოფლიოში გახმაურებული ნაწარმოები შესთავაზა, რომლის მიხედვით უკვე ფილმიც იყო გადაღებული. "რადგან 50 წიგნის სერია სახალხო პროექტი იყო და ხმის მიცემა მიმდინარეობდა, მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად, ქართველმა მკითხველმა ამ თანამედროვე მწერლის რომანი ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დაასახელა", - აღნიშნავს თინა ასათიანი AMBEBI.GE- სთან საუბრისას.
მისივე თქმით, "პალიტრა L" ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია საქართველოში. ამ ეტაპზე ქართველი მკითხველისთვის 6 დიდტანიანი ნაწარმოებია თარგმნილი.
"ქართულ ენაზე უკვე გამოცემულია მისი 6 რომანი: "99 ფრანკი", "რომანტიული ეგოისტი", "ფრანგული რომანი", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "Windows on the World", "მიშველე ბოდიში", - ამბობს თინა ასათიანი და დასძენს, რომ გამომცემლობა ფრედერიკ ბეგბედერის ბოლო რომანს ამზადებს. " "უნა და სელინჯერი", როგორც ლიტერატორები თვლიან, მისი საუკეთესო ნამუშევარია", - ამბობს თინა ასათიანი.
გამომცემლობა "პალიტრა L" ქართველ მკითხველს ბეგბედერის ბიოგრაფიას ასე აცნობს: ესთეტად და სნობად ცნობილი პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და რეკლამის სპეციალისტი ფრედერიკ ბეგბედერი თანამედროვე საფრანგეთის ლიტერატურული სამყაროს ერთ-რთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მწერალი 1965 წელს პარიზის მახლობლად, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. რედაქციის ინფორმაციით, ბეგბედერი იმთავითვე პროვოკაციულობით და, ამავე დროს, თვითკრიტიკულობით გამოირჩეოდა. პოლიტიკური კვლევების პარიზის ინსტიტუტის (CELSA) კურსდამთავრებულმა მოგვიანებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის უმაღლეს სკოლაში რეკლამისა და მარკეტინგის დიპლომიც მიიღო და მსხვილ სარეკლამო სააგენტოში - Young and Rubicam კოპირაიტერად მუშაობდა. პარალელურად, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალებში - Elle, Paris Match თანამშრომლობდა, სხვა კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა რადიოგადაცემაში "ნიღაბი და კალამი".
ცნობილი ფაქტია, რომ სარეკლამო ბიზნესის მხილებისა და მწარე სატირის შემცველი რომანის - "99 ფრანკის" გამოცემის შემდეგ, ფრედერიკ ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.
ქართველი მკითხველების დიდი ინტერესი ბეგბედერის შემოქმდების მიმართ ცალსახაა. თუმცა, განსხვავებულია შეხედულებები ამ ფრანგი მწერლის შემომედებასთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასვაობას იწვევს, ასევე, "99 ფრანკი", რომელიც მკითხველის ყურადღებას საკმაოდ აქტუალურ პრობლემატიკაზე ამახვილებს.
"99 ფრანკი" ჩემი საყვარელი წიგნია. კარგად არის გადმოცემული ის პრობლემა, რაც დღევანდელ საზოგადოებაშია. როცა წავიკთიხე რამდენიმე დღე გათიშული დავდიოდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით" წერს ერთ-ერთ ბლოგზე წიგნის შესახებ მკითხველი. ამავე ბლოგზე მეორე მკითხველი აღნიშნავს, რომ ნაწარმოების ბოლომდე წაკითხვას მას ვერაფერი აიძულებს და დასძენს, რომ ბეგბედერი უნიჭო მწერალია: "ჩემს მეგობარს ვაჩუქე დაბადების დღეზე, ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო - მოდის გამო. მერე კი ძალიან ვინანე. ბეგბედერი ძალიან სერიოზულ პრობლემებზე კი საუბრობს თავის წიგნში, მაგრამ ცოტა უნიჭოდ. ასე რომ, ძირს ასეთი მოდა", - წერს მკითხველი.
მიუხედავად მკითხველების რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებებისა წიგნის მიმართ, დიდი პოპულარობით სარგებლობს ამონარიდები ნაწარმოებიდან "99 ფარნკი":
"სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს - ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენ ორგანაიზერში ვერ ჩაინიშნება".
"ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე".
"ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა."
"ჰედონიზმი ჰუმანიზმი როდია. იგი ფულის დინებაა. მისი დევიზი გაინტერესებთ? "ვხარჯავ, ე.ი. ვარსებობ."
როგორც გამომცემლობა "პალიტრა L" - ში აღნიშნავენ, ფრედერიკ ბეგბედერს თავბრუდამხვევი სიუჟეტები ხიბლავს, რომელშიც მისი მსგავსი ლიტერატურული პერსონაჟები მონაწილეობენ. მათივე ინფორმაციით, ის ახალი ლიეტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებს - მიშელ უელბეკსა და ვირჟინი დეპანტს მიენიჭათ.
"ამასთანავე, კინომსახიობის როლიც მოირგო, თანაც - პორნოგრაფიულ ფილმში "მენავის ქალიშვილი", რომელშიც ამ ჟანრის ვარსკვლავი ქალი ესტელ დეზანჟი მონაწილეობს. როგორც მსახიობი, გადაღებულია ასევე ფილმებში: "99 ფრანკი"(2007) და "მშვენიერი ქალაქი" (2011). ბედი სცადა კინორეჟისურაშიც - გადაიღო ფილმი საკუთარი რომანის მიხედვით - "სიყვარული სამ წელს ცოცხლობს (2011)" - აღნიშნავენ გამომცემლობაში. მათივე ინფორმნაციით, მწერალს დიდი პოპულარობა მოუტანა რომანებმა: "ჭკუაზე მოუსვლელი ახლაგაზრდა კაცის მოგონებები", "კომაში გატარებული არდადეგები", "სიყვარული სამ წელს ცოცხლობს", "რომანტიკული ეგოისტი", "მოთხრობები ექსტაზის თანხლებით". "99 ფრანკი" კი 2000 წელს საფრანგეთში წიგნებს შორის გაყიდვების ლიდერად იქცა.
ფრედერიკ ბეგბედერის ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალის გაგების, ასევე, მწერლის გაცნობისა და მისგან ავტოგრაფის მიღების შესაძლებლობა, ქართველ მკითხველს უახლოეს მომავალში ექნება.
ფრედერიკ ბეგბედერი 11 -12 მარტს თბილისს ჟურნალ 12-ის რედაქტორის, ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება.
"ავტორი სურვილი იყო, შეხვედროდა ქართველ მკითხველს. მასთან შეხვედრას ორგანიზებას გამომცემლობა "პალიტრა L" გაუწევს" - აღნიშნავს "პალიტრა L"-ის დირექტორი, თინა ასათიანი. მისივე თქმით, 11 მარტს 15:30 საათზე, ფრედერიკ ბეგბედერი "ბიბლუს გალერიში" შეხვდება ქართველ მკითხველს, სადაც გაიყიდება მისი ყველა გამოცემა. ამასთანავე, სპეციალურად ავტორის ვიზიტისთვის მომზადდა "99 ფრანკის" განსაკუთრებული, ლიმიტირებული გამოცემა. ავტორი პრეზენტაციაზე ავტოგრაფებსაც დაარიგებს. სამომავლოდ კი, გამომცემლობა მკითხველისთვის ავტორის ყველა სხვა რომანის თარგმანის შეთავაზებას გეგმავს.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE