გიგო შიუკაშვილი მაყურებელმა მეგაპროექტით "X ფატორი" გაიცნო და მაშინვე შეიყვარა. ის შოუს ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ, თბილი და საყვარელი ადამიანი. მიზანდასახული და ძალიან შრომისმოყვარეა. ოცნებობს მსახიობობაზე, მაგრამ ჯერ სკოლა უნდა დაამთავროს. ჰყავს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე დედა - ინგა სარჯველაძე.
დედის დღეს გიგოს დავუკავშირდით. აი, რას ჰყვება თავის დედიკოზე და დღესასასწაულს როგორ ულოცავს მას:
- დედის დღეა და ძალიან მიხარია, რომ ჩემ დედიკოს უნდა მივულოცო. წერილი უკვე დავწერე და კონვერტში ჩავდე. კიდევ 3 მარტის გამო მინდა, რომ სიურპრიზი გავუკეთო. იდეა კი მაქვს როგორ, მაგრამ შენც მომაწოდე რამე, შენი ფანტაზიით მომეხმარე.
- მესაუბრე დედიკოზე და ჩვენი საიტის საშუალებით დედიკოს ასეც მიულოცავ ამ დღეს. ვფიქრობ, გაუხარდება და სიურპრიზიც შეიძლება ეს იყოს...
- კარგი, მომეწონა, მაგარი იქნება. მაშინ გეტყვი, რომ ჩემი დედიკო არის ძალიან ლამაზი, მშვენიერი, ოქროს ხელები აქვს, კარგ საჭმელებს მიკეთებს. მეფერება. მივლიდა და მეფერებოდა მოსკოვში რომ ვცხოვრობდით. ხომ იცი, პატარაობაში იქ ვიყავი და მახსოვს, როგორ მივლიდა ხოლმე. მერე თბილისში ჩამოვედით და აქაც მივლიდა. იცი, მაშინ უფრო ლამაზი ვიყავი...
კიდევ გეტყვი, რომ ჩემი ინგა სარჯველაძე არის კარგი ადამიანი, არ მინდა, რომ ვინმემ აწყენინოს. დედიკო საერთოდ ყველას უნდა უყვარდეს და არ უნდა გააბრაზონ, ეს არის მთავრი! კი, დედიკოებს არ უნდა აწყენინოთ, მე არ ვაბრაზებ. სულ უნდა ვეფეროთ და ვეფეროთ.
იცი, რა არის კიდევ? დედიკო ჩემთვის დედამიწაა. ასე ხომ შეიძლება რომ ვთქვა? ეს ჩემი ფანტაზიაა... მოგეწონა, რაც ვთქვი?
- ძალიან... რას უსურვებდი დედას?
- ჯანმრთელად იყოს, ბედნიერად, სულ იცინოდეს და ჩემ გვერდით იყოს, ჩემი გადსახედიდან ასეა. მინდა, რომ ერთმანეთს სითბოს ვუზიარებდეთ.
კიდევ ჩემი ოცნებაა, რომ სიურპრიზი გავუკეთო, - ოქოროყანაში სახლი ვუყიდო.
- როგორ გაგიჩნდა ასეთი სურვილი?
- ვიცი, რომ ძალიან გაუხარდება. კიდევ მინდა, ერთი "კუნკულა" მანქანაც ვუყიდო. მანქანა კი აქვს, მაგრამ ერთი პატარა, ყვითელი მანქანა მომწონს და დედიკოსთვის მინდა. ხომ მაგარი იქნება?
- მშვენიერია...
- კიდევ 8 მარტიც ხომ მოვა, ჰოდა, მე ყვავილებს, "ბანბანერკას" ვიყიდი, რომ დედიკოს მივულოცო და შენც თუ გინდა, მოდი და სიუჟეტი გააკეთე. მაგარი გამოვა...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE