დამეთანხმებით, რთულია ცხოვრება ტკივილის თანხლებით; ორმაგად ძნელი ასატანია, როცა ხვდები, რომ შენი ბედი სხვებზე, სრულიად უცხო ადამიანებზეა დამოკიდებული. ექიმის მიერ დასმული, მძიმე დაავადების დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს ჰგავს და ასეთ დროს ბევრი ცდილობს, საკუთარ თავში იპოვოს ძალა საბრძოლველად, ბევრიც - ხელს ჩაიქნევს და ბედს ეგუება. 24 წლის მარიამ მათიაშვილი და 19 წლის ლუკა დავიანტი ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც, მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, სიცოცხლე სწყურიათ და თქვენს დახმარებას მოუთმენლად ელიან, რათა ყველაზე ძვირფასი რამ, ჯანმრთელობა დაიბრუნონ და მერე, როცა დაავადებას დაამარცხებენ, ხალხს სიკეთე ასმაგად დაუბრუნონ....
იშვიათი დაავადების მქონე მარიამი წლებია, ტკივილისგან იტანჯება, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ამ ტკივილს სულიერი სატკივარიც დაერთო, რადგან მისმა სახემ დეფორმაცია განიცადა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ახლა კი შესაძლოა, მეორე თვალითაც ვეღარ დაინახოს სამყარო, რომელიც ასე ლამაზად ეჩვენება... მიუხედავად იმისა, რომ მარიამის თავის ძვლები "მოძრაობს", რაც აუტანელ ტკივილს იწვევს, გოგონამ მაინც მოახერხა და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ახლა ცდილობს, ხელსაქმით გაერთოს და ხატების დამშვენებაზე ზრუნავს.
ლუკა დავიანტი კი თსუ-ში სწავლობს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გახლავთ. მას ცოტა ხნის წინ დაუსვეს შუბლის წილის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიაში მკურნალობა, რაც 70 ათასი ევრო ჯდება. მას მეგობრები ახასიათებენ, როგორც საოცრად დადებით ადამიანს. ლუკა თურმე, ოცნებობს, მთვარეზე გაფრენა შეძლოს. ოპტიმიზმით სავსე ახალგაზრდას სჯერა, რომ ვერაგ დაავადებას თქვენი წყალობით, აუცილებლად დაამარცხებს.
ამ ორი ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად, საქველმოქმედო ფონდი - "ცხოვრება მშვენიერია" ღონისძიების გამართვას გეგმავს.
ნიკოლოზ ესაკია, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი:
- ღონისძიების გამართვას 12 მარტისთვის ვგეგმავთ. მარიამისა და ლუკას დასახმარებლად, კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართება. იმედი მაქვს, ხალხი მხარში ამოგვიდგება და ჩვენ ერთად შევძლებთ ძალიან კარგი საქმის გაკეთებას, ამ ახალგაზრდების გადარჩენას.
- მაყურებელი სცენაზე ვის იხილავს?
- კონცერტში ძირითადად, ბენდები და ის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მაყურებელს "ცოცხალი" მუსიკით გაანებივრებენ. რამდენიმე სოლისტი გვყავს მოწვეული. იმედია, კარგი ღონისძიება გამოვა და ხალხი კმაყოფილი დარჩება.
- რამდენი წელია, რაც "ცხოვრება მშვენიერია" არსებობს?
- მეოთხე წელი დაიწყო, რაც ადამიანების დახმარებას ვცდილობთ. ჩვენ მუდმივად ვეხმარებით "ბერი ანდრიას ფონდს", ზოგჯერ კი სხვებისთვისაც ვუშვებთ გამონაკლისს - იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ჩვენს დახმარებას საჭიროებს.
- რა კრიტერიუმით არჩევთ ადამიანებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაეხმაროთ?
- როცა ადამიანი მოდის ჩვენთან, პირველ რიგში, ცხადია, გვიყვება, თუ რა პრობლემა აქვს, რა აწუხებს, მერე შესაბამისი დოკუმენტაციაც უნდა წარმოგვიდგინოს, ჩვენ კი ვცდილობთ, ადამიანები გასაჭირში არ მივატოვოთ და ძალას არ ვიშურებთ მათ დასახმარებლად. თუმცა, ფონდს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ პირადაპირ გარკვეული თანხით დავეხმაროთ ადამიანებს. ჩვენ მათ უბრალოდ, პრობლემის ხალხამდე მიტანაში, ღონისძიებების მოწყობაში ვეხმარებით, სხვა არაფერი შეგვიძლია.
დაფინანსება ნული გვაქვს და სხვათა შორის, ფონდში მომუშავე ადამიანებს ხელფასიც არ აქვთ, ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებთ.
- როცა ღონისძიების მოწყობას აანონსებთ, ცნობილი ადამიანები ქველმოქმედებაში მხარს იოლად გიბამენ თუ არის შემთხვევები, როცა კონცერტში მონაწილეობაზე უარსაც გეუბნებიან?
- რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა უარს გვეუბნებიან ან გვპირდებიან, აუცილებლად მოვალთო და მერე, როცა რაღაცის დაზუსტება გვინდა, ტელეფონზე აღარ გვპასუხობენ. საბედნიეროდ, ბევრი შემსრულებელი გვიდგას მხარში. მათ იციან, რომ ძალიან ორგანიზებულ ღონისძიებებს ვახორციელებთ და თან, აქვთ სურვილი, ქველმოქმედები იყვნენ... ჩემთან ერთად, ფონდის საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. ძნელია, 4 წელი უხელფასოდ იმუშაო, მაგრამ ვფიქრობ და მწამს, როცა სიკეთის გაკეთების უნარი გაქვს, ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება პრობლემების მოგვარებაში. თუ მოვინდომებთ, ნებისმიერი ჩვენგანი შეძლებს კარგი საქმის კეთებას და მერწმუნეთ, გასაჭირში მყოფ ადამიანს რომ გაუმართავ ხელს, ამაზე უკეთესი არაფერია, ეს საოცარ შეგრძნებას მოგანიჭებს... განაგრძეთ კითხვა