პრემიერ-მინისტრი იზიარებს პათოსს, რომ ქორწინების საკითხი - როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, კონსტიტუციით განისაზღვროს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი ინფორმაციით, 28 თებერვალს, ფრაქციის წევრების გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი თემა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საკითხიც იყო.
ვოლსკის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცედურის გათვალისწინებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ მოქმედმა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღება და ამისთვის საჭირო 113 ხმის მოგროვება შეძლოს, შემდეგ კი, მასზე მუშაობა მომავალმა პარლამენტმა დაასრულოს.
"დღის წესრიგში დგას ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების საკითხი. ვფიქრობ, გარკვეულმა ჯგუფებმა ამ თემით სპეკულირება გადაწყვიტეს და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია - ადამიანის განწყობებს აჩვენებს, მაგრამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეფერილობას ვხედავ. ახლა გარკვეული ორგანიზაციული და პროცედურული საკითხები ზუსტდება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსშია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავადაც იგივე პათოსი და იგივე განწყობა გააჩნია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.
დეპუტატმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სამოქალაქო კოდექსში" ახლაც წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ხოლო კონსტიტუციაში ამის თაობაზე არის მინიშნება, სადაც წერია, რომ დაცული უნდა იყოს დედისა და ბავშვის უფლება. ვოლსკის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მეუღლეებს შორის ერთ-ერთი არის დედა.
"ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა მეტი სინათლის შეტანა და "სამოქალაქო კოდექსის" და კონსტიტუციის ფორმულირებების ერთმანეთთან მეტი დაახლოება. ეს არის გეგმა – ამასთან დაკავშირებით პრემიერს აქვს პოზიტიური განწყობა და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ამის ინიცირებას დავიწყებთ მას შემდეგ, რაც ყველა საპროცედურო დეტალს შევათანხმებთ. ამასთან, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, გაითვალისწინოს საკითხის როგორც ემოციური მნიშვნელობა, ასევე მისი კავშირი ეროვნული უსაფთხოების თემასთან", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.