თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის "ერთობა-2013"-ის წევრები.
როგორც "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა, მოთხოვნების შესახებ დღეს წერილობით მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას. მეტროპოლიტენის მემანქანეები ითხოვენ ხელფასების კორექციას ლარის კურსის შესაბამისად. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ანაზღაურება ჰქონდეთ წელთა ნამსახურების მიხედვით და ღამის საათებში მათი მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.
როგორც მემანქანე რატი კაპანაძემ განაცხადა, მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანეთა საშუალო ხელფასი თვეში 1050 ლარია. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისაა. კაპანაძე აცხადებს, რომ მემანქანეების შრომა ძალზე მძიმე და საპასუხისმგებლოა და საჭიროა მათი ანაზღაურების ლარის კურსის შესაბამისად კორექცია მოხდეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ წინასაგაფიცო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - აღნიშნა ნარმანიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, მეტროს მემანქანეებს მისი მოადგილე კურატორი შეხვდება.
მეტროთი დღის განმავლობაში 330 000-მდე თბილისელი მგზავრობს, ამ მაჩვენებლით მეტროპოლიტენი მხოლოდ ავტობუსს ჩამოუვარდება. შესაბამისად, თუ თანამშრომლებმა დაანონსებული გაფიცვები რეალურად განახორციელეს, ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობას მნიშვნელოვანი კრიზისი ემუქრება.