გასულ წელს 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი დაიღუპა - რა რეკომენდაციები აქვს სახალხო დამცველს საგანგაშო მაჩვენებლის შესამცირებლად

გასულ წელს 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი დაიღუპა - რა რეკომენდაციები აქვს სახალხო დამცველს საგანგაშო მაჩვენებლის შესამცირებლად

2015 წელს 0-დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა - შემაშფოთებელ სტატისტიკას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა შემცირების მასშტაბები არ არის დამაკმაყოფილებელი საერთო ევროპულ მაჩვენებელთან მიმართებაში და კვლავ საგანგაშოდ მაღალია.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ბავშვთა სიკვდილიანობის სააგენტოთაშორისი ჯგუფის (IGME) მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლადშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12-ს.

"მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე - 36. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო სერვისების გაუმართაობა, ნეონატოლოგების სიმცირე, ორსულთა პატრონაჟის არაადეკვატური სისტემა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე და ა.შ.", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მწვავედ ჩანს გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარვეზები, უხარისხო და დაგვიანებული მომსახურება. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების გამოსავლენად 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობა 1.4-ჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობას. თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალშობილების გარდაცვალების ალბათობა, რომელთა წონა 1,500 გრამი ან მასზე ნაკლებია, 1.9-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერამდე პერიოდში და 1,5-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერის შემდგომ პერიოდში.

საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის დაცვისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის აღსრულების სისტემის მაღალი პროფესიული სტანდარტით ფუნქციონირება და ამ სისტემაში მომუშავე პირების სათანადო კვალიფიკაცია.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ "კომიტეტი შეშფოთებულია დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით და მოუწოდებს საქართველოს, გამოყოს მეტი რესურსი ბავშვთა მუცლად ყოფნის პერიოდისა და დღენაკლული ბავშვების დაბადების პრობლემის მოსაგვარებლად".

სახალხო დამცველი 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ხედავს და 23 თებერვალს უჩა ნანუაშვილმა საკითხთან დაკავშირებით მიმართა კიდეც საქართველოს მთავრობას. წინადადების მომზადებისას, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა, ევროპის ათი ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი განახორციელა და მათ მიხედვით მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეკომენდაციებს შორის სახალხო დამცველი მოითხოვს შემუშავდეს სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას; დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით; ამაღლდეს პერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა; ხელი შეეწყოს ორსულთა პატრონაჟის სისტემის დანერგვასა და საყოველთაო განხორციელებას და ა.შ.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია