მდიდრული ქორწილი კახეთში, რომელსაც რუსი შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქალიშვილს რუსმა მილიარდერმა სერგეი სარქისოვმა გადაუხადა.
სარქისოვის ქონება 1,5 მილიარდ დოლარს ითვლის და რუსეთის 100 უმდიდრეს ადამიანს შორისაა. დაზღვევისა და უძრავი ქონების მაგნატი კომპანია РЕСО-Гарантия-ს დამფუძნებელი და მფლობელია. მას ქართველი მეუღლე ჰყავს - რუსუდან მახაშვილი. 5 შვილიდან ერთ-ერთმა ია სარქისოვამ კი ცოტა ხნის წინ ქართველ ახალგაზრდაზე - მიხეილ მახარაძეზე იქორწინა. სწორედ იასა და მიხეილის ქორწილისთვის შეიკრიბა კახეთში რუსული და ქართული ბომონდის ნაწილი.
ქორწილის შესახებ რუსული მედიაც წერს. super.ru-ს ინფორმაციით, მდიდრული ქორწილი თბილისთან ახლოს, კახეთში მდებარე სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში" გაიმართა. "ჭამე, იმღერე, იცეკვე, მერე ისევ ჭამე!" - ასე აღწერენ ქორწილის სტუმრები წვეულებას, რომლის ფურშეტებიც რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული სასტუმროს ტერიტორიის ყველა კუთხეში იყო გაშლილი. უგემრიელესი ქართული ყველი, ჩურჩხელები, ხინკალი საუკეთესო მზარეულისგან - მთავარი ბანკეტის დაწყებამდე სტუმრებისთვის სასტუმროს ეზოში უამრავი თავშესაქცევი იყო. სიძე-პატარძლის რუსი და ქართველი ნათესავების განწყობაზე წვეულებაზე მოწვეულმა მომღერლებმა იზრუნეს - თამარ გვერდწითელი, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, მარკ ტიშმანი, ვალერი სიუტკინი. ახალგაზრდა მსმენელი განსაკუთრებით გაამხიარულა ცნობილი რეპ-დუეტის Madcon-ის გამოჩენამ დარბაზში.
პატარძალმა ქორწილის დღეს სამჯერ გამოიცვალა ტანსაცმელი. ულამაზესი საქორწილო კაბა პირველად ქართული ცეკვის შესასრულებლად გამოიცვალა და ტრადიციული ქართული კაბით ჩაანაცვლა, რომლითაც იცეკვა ჩოხაში ჩაცმულ მეუღლესთან ერთად. რაც შეეხება სტუმრებს, რამდენიმე ასეულ სტუმარს შორის, რომლებიც რუსეთიდან ორი თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, ცნობილი სახეებიც იყვნენ, მათ შორის მხატვარი ბორის კრასნოვი, ბიზნესმენი ვლადიმერ კისილევი, Роскино-ს დირექტორი ეკატერინა მწითურიძე.