პირველად საქართველომ მონაწილეობა მიიღო საკანცელარიო და საოფისე პროდუქციის საერთაშორისო ფესტივალზე "Paper world 2016". გამოფენას ყოველ წელს გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი მასპინძლობს. ფესტივალი თებერვლის დასაწყისში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი სტენდი "ბიბლუსის" ეროვნულმა ბრენდმა "პონტომ" დაიკავა.
"Paper world 2016" საკანცელარიო მიმართულების უახლეს ტენდენციებს წარუდგენს დამთვალიერებელს. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციის მიხედვით, საკანცელარიო და საოფისე ნაწარმის მწარმოებლები მთელი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობენ. ყოველწლიურად გამოფენას 50 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს.
123 000 კვ.მ. ფართობზე მდებარე 9 პავილიონში წარმოდგენილი იყო ათასობით კომპანია მთელი მსოფლიოდან. HUGO BOSS-ის, MILAN-ის, CARAN DACHE-ს და სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად, საერთაშორისო დამთვალიერებლის წინაშე პირველად წარდგა კომპანია საქართველოდან. "პონტომ" გერმანიის ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გერმანიის ონლაინ გამოცემა "კულტურექსპრესმა" წელს ჩატარებულ ფესტივალს ვრცელი სტატია მიუძღვნა. სამი დღის განმავლობაში, ჟურნალისტმა როფლ მაასმა დაკვირვებით შეისწავლა მონაწილეთა ისტორია, წარმომავლობა, საქმიანობის სფერო და თითოეულ მათგანთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ავტორმა სტატიას პირველივე გვერდზე "პონტოს" და მისი წარმომადგენლის ფოტო დაურთო. ჟურნალისტის განცხადებით, აღფრთოვანებული დარჩა საქართველოდან ჩასული წარმომადგენლობის მომზადებითა და ხარისხით, რომელსაც "პონტო" და მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებლებს სთავაზობენ. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს იყო დებიუტი და საქართველოს სახელით, საკანცელარიო პროდუქცია ამ დონის ფესტივალზე პირველად გამოიფინა.
საერთაშორისო საკანცელარიო ფესტივალზე მიღებული გამოცდილებისა ბრენდის სამომავლო გეგმების შესახებ Ambebi.ge კომპანია "ბიბლუსის" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ლევან მესხიშვილს ესაუბრა.
ლევან მესხიშვილი:
- ჩვენი სტენდი ფრანკფურტში მიმდინარე ფესტივალის ერთ-ერთ ცენტრალურ პავილიონში მდებარეობდა. ეს იყო პირველი გასვლა მსგავს ღონისძიებაზე. ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოდან რომელიმე კომპანიას ეროვნული ბრენდი გაეტანა. გვქონდა საშუალო სიდიდის სტენდი, სადაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოვადგინეთ. მათ შორის, რვეულები, სახატავი რვეულები, კალმები, ფანქრები, უბის წიგნაკები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. "პონტოს" მიზანი ქვეყნისა და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზება, ფართო მასებისთვის გაცნობა იყო.
- როგორი იყო ინტერესი "პონტოს" მიმართ, როგორი შეფასებები მოჰყვა წარმოდგენილ პროდუქციას დამთვალიერებლების მხრიდან?
- დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო. ფესტივალის სტუმრები მიჩვეულნი არიან ერთსა და იმავე ბრენდების ხილვას, ამიტომ ყველა სიახლეს დიდი ინტერესით ეკიდებიან. ძალან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ნახულობდა პროდუქციას, ვცვლიდით საკონტაქტო ინფორმაციებს, ბევრ კომპანიასთან მიმოწერა დღესაც გვაქვს. ყველა კმაყოფილი რჩებოდა. იქ უხარისხო პრდუქცია არავის ჩააქვს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ალბათ, ბევრს წარმოდგენა არ აქვს, რომ რვეულები, რომელსაც საკანცელარიო მაღაზიაში ყიდულობენ, სწორედ "პონტოს" ბრენდისაა და "ბიბლუსის" შეკვეთით არის დამზადებული. გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ.
- ექსპორტზე გასვლა ახსენეთ, ზოგადად, როგორია ბრენდის განვითარების გეგმები?
- ვაკეთებთ პროდუქციის და გაყიდვების ანალიზს. ანალიზის საფუძველზე ვაფართოვებთ ბრენდს, ვამატებთ სხვადასხვა კატეგორიებს. ადგილობრივი კომპანიები ნაწარმს დიდი რაოდენობით ითვისებენ. სექტემბერში სწავლის დაწყებისას, ბაზარი ჩვენი პროდუქციით არის გაჯერებული. უკვე ვიწყებთ რვეულების შეკვეთას და საწყობში ნაშთების მობილიზებას. პროდუქცია მაღალი ხარისხისა და რაც მთავარია, ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთაა. გვაქვს ამბიცია, რომ საზღვრებს გარეთ გავიდეთ და პროდუქცია ევროპის ქვეყნებისთვის ვაწარმოოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს გეოგრაფიულად კარგი მდებარეობა აქვს, შესაძლოა, ამ კუთხით, აზია და ევროპა ძალიან მარტივად დაუკავშირდეს ერთანეთს და ჩვენგანაც ტვირთები ძალიან მარტივად გავიდეს.
"პონტო" "ბიბლუსმა" 2010 წელს ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შექმნა. პროდუქცია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი. ბრენდი დღეისათვის 150 დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის არის: კალმები, ფანქრები, რვეულები, უბის წიგნაკები, სახატავი რვეულები, სახაზავები, პლასტელინები, სამაგრი საშუალებები, ფაილები, ბაინდერები. კომპანიის ნაწარმით მნიშვნელოვნად არის გაჯერებული ადგილობრივი ბაზარი. ეროვნული ბრენდი ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
ნატალია დადიანი
AMBEBI.GE