"საქართველოს დიდი მშიერი ოჯახის მამას ვადარებ, რომელსაც გულით უხარია, რომ მეზობელი შიმშილობს" - რას წერს სოხუმელი ჟურნალისტი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ

"საქართველოს დიდი მშიერი ოჯახის მამას ვადარებ, რომელსაც გულით უხარია, რომ მეზობელი შიმშილობს" - რას წერს სოხუმელი ჟურნალისტი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ

ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-ს მკითხველს sputnik-abkhazia.ru-ს მესვეტეს საიდ ბარგანჯიას ბლოგი გავაცანით, რომელიც ზუგდიდში მოგზაურობის შესახებ წერდა. ახლახანს "სპუტნიკის" კიდევ ერთი მესვეტის ელეონორა გილოიანის ბლოგი გამოქვეყნდა, რომელიც ჟურნალისტების იმავე ნაკადთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში, რომლითაც ბარგანჯია. პირველი ვიზიტის, "სხვა სამყაროს" და "სხვა ომის" შესახებ სოხუმელი ჟურნალისტი ვრცელ ბლოგს წერს, საიდანაც ჩვენ რამდენიმე ნაწყვეტს გთავაზობთ:

ენგური

"აღმოსავლეთ საზღვარზე ადამიანთა რიგი ზუსტად იმხელაა, რამხელაც დასავლეთ საზღვარზე. უწყვეტი ნაკადით ტოვებენ ადამიანები ჩვენ ქვეყანას და ასეთივე ნაკადით შემოედინებიან. მე არ მეშინია. მეუცნაურება. პირველ რიგში, ენგური ფსოუსთან გაცილებით ახლოს ყოფილა. მეორე კი, იქ შთამბეჭდავი გარემოა: ადამიანები ჩანთებით, ჩანთები ადამიანების გარეშე, არეულობა.

ენგურული ცხოვრების ნაპირზე ვდგავართ. ფოტოებს ვიღებთ. ძველი ჟურნალისტური გვარდია ვლადისლავის ეპოქის ისტორიებს ყვება. მათ ათეულობით მსგავსი რეპორტაჟი აქვთ გაკეთებული, ჩემთვის ისინი გმირები არიან. ამ დროს ვფიქრობ, რომ მე სუსტი ვარ.

გადავდივართ საზღვარზე, ძალიან გრძელ ხიდზე ვხვდებით, სადაც ურემში შებმული ცხენები ერთადერთი ტრანსპორტია. ფოტოებს ვიღებთ. ენგურჰესის მიკროავტობუსში ვსხდებით და კაშხალისკენ მივემართებით. რამდენიმე წუთში ვხვდები, რა მოხდა. მე სხვა სამყაროს ნახვა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სხვა ომში აღმოვჩნდი.

ზუგდიდი

კაშხალზე გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ უკან, საზღვრისკენ გამოვეშურეთ. სახლში დაბრუნების მოახლოება გულს მითბობდა. ზუგდიდში შევედით. დაუსრულებელი სავაჭრო რიგები: პროდუქტები, ტანსაცმელი, წიგნები. "ფასტფუდის" ქსელებიდან გამომავალი სკოლის მოსწავლეები. პარკი შადრევანით. თითქოს ქალაქს ვიღაცამ დასცინა და ყველაფერი ერთად ჩატენა, მაგრამ ყველასთვის არაკომფორტულად. პარკში არავინ იყო, მისი ადგილმდებარეობა ალბათ, მონეტის აგდებით აარჩიეს.

ხალხის ნაკადში მამაჩემის ხნის მამაკაცებს ვაკვირდებოდი. იქნებ ის ესროდა ჩვენიანებს? ან ის? ან იქნებ ორივე? არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა და აზრმა, რომ შესაძლოა მეტრის მოშორებით მტერი იმყოფება, ხიფათის წინათგრძნობა ჩამინერგა.

რესტორანთან მივედით. მაგიდასთან პირველს არავის უნდოდა დაჯდომა. თხუთმეტი წუთის შემდეგ ყველანი მაგიდასთან ვისხედით. მამაკაცები ამაყად წარმოთქვამდნენ სადღეგრძელოებს აფხაზურად იმის თაობაზე, რომ "ჩვენ ძმები ვართ". რესტორანი არც დიზაინით მომეწონა, არც ატმოსფეროთი და არც ხალხით. იმედია, ის არაა საუკეთესო რესტორანი ზუგდიდში. რაც შეეხება საჭმელს, მგონი კავკასიაში არ არსებობს უგემური საჭმელი. როგორც მე არ მაქვს არანაირი სურვილი და უფლება შევაფასო საქართველო.

მადლობა საქართველო

საქართველოს მადლობელი ვარ, რადგან ერთ დღეში ამ ქვეყანამ მეტი მომცა, ვიდრე იმ წლებმა, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურის კითხვაში გავატარე. საქართველომ თავად მომცა არგუმენტები, რომლებიც ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ახლა თამამად შემიძლია საქართველო დიდი მშიერი ოჯახის მამას შევადარო, რომელსაც გულით უხარია, რომ მეზობელი შიმშილობს. და არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, სიმართლეა თუ არა ეს. დიდი ხანია ვისწავლე პროვოკაციებზე არ წამოვეგო და სოციალური ქსელი პოეტურ დღიურად ვაქციე, რომელშიც მშობლიური ქალაქის სიყვარულზე ვწერ. მაგრამ ახლა კოზირი მქონდა ყველა აზრის წინააღმდეგ, ვინც თვლის, რომ ჩემი ქვეყანა კვდება.

საქართველო ჩემი სუბიექტურობაა. ჩემი საზღვარი "მე ვთვლი" და "მე ვგრძნობ" შორის. და სწორედ ეს მაქცევს საკუთარ თავად. არ ვაპირებ ორი ქვეყანა შევადარო ერთმანეთს. ამის ადგილი აქ არაა. აქ ჩვენი ადგილია, დავიწყებულების, მაგრამ სამართლიანების. ყველაზე მტკივნეული ბავშვური მოგონებების. ისეთების, როგორებიც ვართ, როგორებადაც ვიქეცით.

საზღვარი მართლა ორივე მხარეს მუშაობს - ჩვენ ციხეში არ ვართ. ჩვენ იქ ვართ, სადაც ყოფნა მოვისურვეთ. მე სახლში მინდა. აქ საყვარელი სამსახურია, დილით ყავა და ყველაზე ფოტოგენური თოლიები. მაგრამ სამყარო? ერთი ჩემი წინაპრები გენოციდის მსხვერპლი არიან, მეორენი - რეპრესიების. მაგრამ ისინი ძალიან ძლიერი ადამიანები იყვნენ სიმამაცის და სიბრძნის დიდი მარაგით. თუ ჩემი გამოცდა ელექტროენერგიის დეფიციტია, მაშინ მოვითმენ. იმიტომ, რომ სახლი - ეს გახლავთ ადგილი, საიდანაც ყოველთვის შეგიძლია წახვიდე, მაგრამ არასოდეს გაქვს ამის სურვილი.

მომზადებულია sputnik-abkhazia.ru-ს მიხედვით

ასევე წაიკითხეთ: "არ მინდოდა საქართველოში რაიმე მომწონებოდა" - რას წერს აფხაზი ბლოგერი ზუგდიდში ვიზიტის შემდეგ

"ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე

"დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს მოიხსნიან..." - რა წესების დაცვა მოგიწევთ კინოთეატრებში?

დღის ფოტო: მიხაკები ენგურზე - დაღუპული აფხაზების ხსოვნას შამგონაში პატივი მიაგეს