7 წლის ლაშა გელანტიას თავის ტვინზე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა.
პატარა ბიჭს მძიმე დაავადება ენცეფალიტი საქართველოში დაუდგინდა, სამწუხაროდ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელი იყო. მძიმე დაავადების გამო, პატარას ხშირად ჰქონდა ეპილეფსიური შეტევა.
ბავშვის დედის განცხადებით, ლაშას თავდაპირველად შეეძლო სხვა ბავშვებივით თამაში, ჭამა, ის არაფრით არ ჩამორჩებოდა თავის თანატოლებს. მაგრამ ერთ დღეს პატარამ მოძრაობა ვეღარ შეძლო. ამის შემდეგ ლაშას ეპილეფსიური შეტევა დღეში სამჯერ ემართებოდა, სამწუხაროდ 7 წლის მანძილზე შეტევების რიცხვიც იზრდებოდა და დღეში 40-ჯერაც ჰქონდა.
პატარასთვის ურთულესი ოპერაციის ჩასატრებლად თურქეთის კლინიკაში 25 ათასი დოლარი იყო საჭირო. ამერიკელმა ექიმებმა საჭირო ოპერაცია 100 ათას ევროდ შეაფასეს.
ამ დროში ლაშას დედა, ია გელანტია დაუკავშირდა რუსეთის ოლქში, კერძოდ ტიუმენის ერთ-ერთ ნეიროქირურგიის ცენტრს, რუსი ექიმების დახმარებით ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. (ოპერაცია დაახლოებით 6 ათასი დოლარი ღირს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა).
ოპერაციის შედეგად პატარა სრულად ვერ გამოჯანმრთელდება, ექიმების თქმით, კიდევ ბევრი პროცედურაა ჩასატარებელი, მაგრამ დედა იმედს არ კარგავს. ოპერაციიდან 14 დღე არის გასული, პატარა ლაშა თავს უკეთ გრძნობს. წარმატებულ ოპერაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ პატარა ბიჭუნას ეპილეფსიური შეტევა ახლა მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ აქვს.