5 წლის ავღანელმა მურთაზამ, რომელიც ლიონელ მესის სიყვარულმა ინტერნეტსენსაციად აქცია, კერპისგან სანუკვარი საჩუქარი მიიღო - ნამდვილი მაისური, 10 ნომრით და ფეხბურთის ვარსკვლავის ავტოგრაფით.
მესის აგენტებმა დღეს დაადასტურეს, რომ მურთაზას არგენტინელი ფეხბურთელის მიერ ხელმოწერილი მაისური გაუგზავნეს. "მე მიყვარს მესი და ჩემი მაისური ამბობს, რომ მესის ვუყვარვარ მე", - ამბობს 5 წლის ავღანელი ბიჭუნა.
რამდენიმე კვირის წინ, ფოტომ, რომელზეც მურთაზას სპორტული მაისურის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკი აცვია, მელნით მიწერილი ფეხბურთელის გვარითა და ნომრით, ყველა დასავლური გამოცემის გვერდები მოიარა. პოლიეთილენის პარკისგან დამზადებული ხელნაკეთი მაისურის ავტორი მურთაზას უფროსი ძმა ჰომაუნია: "ჩვენს ოჯახს არ აქვს საშუალება, იყიდოს მესის ნამდვილი მაისური. ერთ დღეს ჩემმა ძმამ პარკი იპოვა, ჩემთან მოირბინა და მითხრა, მაისური გამეკეთებინა მისთვის. მხოლოდ ის მოვახერხეთ მისთვის, რომ ხელნაკეთი მაისურით გაგვებედნიერებინა".