უჯარმაში მორიგი ავტოკატასტროფის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს მესამე ავტოკატასტროფაა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევებს ერთდროულად 5 და მეტი ადამიანი შეეწირა. უჯარმასთან დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ერთია შედარებით ასაკოვანი, დანარჩენები ახალგაზრდები არიან, რომელთა შორის ორი - 7 და 12 წლის ბავშვები არიან. ადგილობრივთა თქმით, გომბორის უღელტეხილზე ეს პირველი ავარია არ არის, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი ერთად იღუპება. უბედურების მთავარი მიზეზი კი ხშირად ალკოჰოლი და სიჩქარის გადაჭარბებაა. ავტოკატასტროფის ხუთი მსხვერპლი სოფელ გომბორში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება ს/ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს:
- მას შემდეგ რაც ე.წ. გომბორის გზა გაკეთდა და აღმოსავლეთის მხრიდან მოძრაობის ცენტრმა აქ გადმოინაცვლა, ავტოკატასტროფები არ გვაკლია; ყველა მათგანი რატომღაც არ ხმაურდება, არ ვიცი, რატომ. ამ ავტოკატასტროფებში ავბედითი როლი მაინც იმ ტაქსისტებს მიუძღვით, რომელთაც თბილისიდან კახეთში და, - პირიქით გადაჰყავთ მგზავრები. კახეთის ყველა კუთხის ტრანსპორტი, გარდა გურჯაანისა, ამ ტრასაზე გადაადგილდება და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ტაქსის მძღოლები, რომ მგზავრები ერთმანეთზე უფრო სწრაფად გადაიყვანონ. ამასობაში ხალხი ნადგურდება. ვისაც მოძრაობის რაიმე გაეგება, იმას თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალი სიჩქარის გადაჭარბების მაკონტროლებელი რადარების დადგმა იქნებოდა, ისე როგორც დასავლეთის მიმართულების ავტობანზეა გაკეთებული. გადაჭარბებულ სიჩქარეს ეს რადარები დააფიქსირებდნენ და მძღოლებსაც ჯარიმების ქვითრები მიუვიდოდათ. ამის შემდეგ სიჩქარის გადაჭარბებას ბევრი მოერიდებოდა; ამავე დროს, თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა, რამხელა რამ არის! რატომღაც ეს არავის უნდა, რომ გააკეთოს; ისე კი, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სიჩქარის რადარების დაყენების შემთხვევაშიც კი, ჩვენს ტრასაზე რიგი ავარიები მაინც მოხდება, რადგან ჩვენს ახალგაზრდობას არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა არც ოჯახის და არც სხვისი სიცოცხლის წინაშე, - ბევრი ნასვამი ჯდება საჭესთან და ასე ახდენს ამ უბედურებებს.