ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ოჯახს ადოკატ კობა კობახიძის აყვანა მანანა კობახიძის ძმამ ურჩია.
თუმცა როგორც გადაცემა "პრიორიტეტებში" ზაუტაშვილმა სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, კობა კობახიძე მან სულ ორჯერ ნახა და ამის შემდეგ მისი აცილება მოითხოვა. რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებლები გათავისუფლების სანაცვლოდ 75 ათას ევროს სთავაზობდნენ, ზაუტაშვილი აბსურდულს უწოდებს.
"ჩემი შვილის, ლიზიკო ზაუტაშვილის თაობაზე დამჭირდა ადვოკატი. საქალაქოში დავა მქონდა. ამ დროს თედო იყო ჩემი ადვოკატი. შემდე მითხრა, რომ პოლიტიკაში მივდივარ და ვეღარ ვიქნები შენი ადვოკატიო. შემდეგ დედაჩემი დაუკავშირდა მანანას, ამ დროს შეხვედრია თედო და უთქვამს მისთვის დედაჩემს, თქვენ ვეღარ გვეხმარებით და ადვოკატი მაინც გვირჩიეთო. სწორედ თედოს ურჩევია ეს კობა, როგორც ადვოკატი. ჩემთან რომ მოვიდა ეს ადამიანი პახმელიაზე იყო. შემდეგ გაირკვა, რომ სულ სვამს. გუშინაც მთვრალი იყო თუ რა სჭირდა... 5 თვის განმავლობაში სულ ორჯერ შემოვიდა ჩემთან. შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, რომ აღარ მოსულიყო, რადგან ისეთ ხალხს იცავდა... მათ შორის იყო ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელიც თუ არ ვცდები", - ამბობს ზაუტაშვილი.
რაც შეეხება მისი ქმრის "რესპუბლიკურ პარტიასთან" კავშირს, მსჯავრდებული ამბობს, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი 2008 წლიდან პარტიის წევრი იყო.
"პირადად მე არ ვიყავი პარტიაში, მაგრამ ბოჭორიშვილი იყო. მე ვიცი, რომ სანამ არ დაგვიჭერდნენ პარტიის წევრი იყო", - აცხადებს ზაუტაშვილი და მათი და ლევან ბერძენიშვილი ნათესაურ კავშირზეც საუბრობს. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, ბერძენიშვილი მისი შვილის ნათლიაა.
"ლევან ბერძენიშვილი არის ლიზიკოს ნათლია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა", - განაცხადა მსჯავრდებულმა.
ანასტასია ზაუტაშვილმა პრეზიდენტსაც მიმართა და შეწყალება ითხოვა.
"მინდა პრეზიდენტმა როგორც სამი შვილის დედას ისე შემომხედოს. ნუ დაუჯერებს ნურავის. ფული ნამდვილად არ მაქვს და ვერ გადაუხდი ვერავის და ეგ თუ უფულოდ შემიწყალებს ძალიან კარგი", - ამბობს ზაუტაშვილი.