"თქვენ იყავით უმრავლესობის ტელევიზია, დარჩით მიშას ტელევიზიად", - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა "არჩევანის" წამყვანს გიორგი გაბუნიას.
გადაცემაში "რესპუბლიკელების" და "მრეწველების" დაპირისპირებაზე საუბრობდნენ. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, სამი კვირის წინ შესაბამისი თანამდებობის პირებს მოუწოდა კიდეც, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. დეპუტატმა თემაზე საუბრის პარალელურად "რუსთავი 2"-იც გააკრიტიკა.
"შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რა "რუსთავი 2"-ის საქმეა ამ თემებზე მსჯელობა. თქვენ, ჩვენი აღქმით, ხართ "ნაციონალების", მიშას ტელევიზია. ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმა და მათ შორის ჩემიც. თუმცა ეს არ გიკარგავთ უფლებას, რომ ისაუბროთ ხელისუფლებაზე. მე ვიცი, რომ ნაციონალების ველში ვსაუბრობ", - განაცხადა ქუცნაშვილმა, რაზეც გადაცემის წამყვანმა უპასუხა: "მე ვერ დაგეთანხმებით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით საუბრობთ".