PALITRANEWS-ის გადაცემაში "ფალავანდიშვილთან". თოქ-შოუს წამყვანმა, გურამ ფალავანდიშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისსა და თბილისურ ისტორიებზე ისაუბრა.
თბილისის კოლორიტმა, ნიკო ლეკიშვილმა დედაქალაქის წლებზე ისაუბრა.
"კაი, გამარჯობა დაიკარგა, კარგი სალამი... თბილისი მომღერალი ქალაქი იყო. გამოღებული ფანჯრებიდან სულ ისმოდა სიმღერები, ისმოდა მუსიკის ხმა, ფორტეპიანოზე უკრავდნენ ბავშვები ... სულ სხვანაირი იყო თბილისი... მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სახლიდან ფეხით დავდიოდი სკოლაში. უნდა ჩამოვსულიყავი კარგარეთელის ქუჩაზე, შემდეგ პლეხანოვზე და შემდეგ ქვემოთ. მთელი გზა მივდიოდი არაჩვეულებრივ ატმოსფეროში... მაშინ მოდაში იყო პირველ სართულებზე გამოაღებდნენ ფანჯრებს და ყვავილებს რწყავდნენ... გამარჯობა! - "გამარჯობა, გენაცვალე!" "შენი ჭირიმე!" "შენ გენაცვალე!" ... ეხლა ეს ფანჯრები არის დაკეტილი და ეს ურთიერთობაც ამ ფანჯრებში დაიკარგა.
"დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?! –
დრო არ გეგონოს პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის!..
მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით,
გავლა - გამოვლა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის
და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის.
დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?! ..." - ეს ვინც ჩამოვთვალე ყველა იყვნენ, ზოგი ქუთაისიდან, რაჭიდან, ზესტაფონიდან და ა.შ. ... ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: თბილისის არის ის ფენომენი, რომელიც ამ ხალხის შექმნილია. რაიონიდან ჩამოსულმა ხალხმა შექმნა თბილისი..."