ე.წ.კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი თვითდაზიანებებით იმუქრება ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი, მისი ცემა-წამებისა და თანხის მითვისების საქმეზე გამოძიების დაჩქარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითდაზიანებებით იმუქრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურაში ანასტასია ზაუტაშვილის განცხადებების საფუძველზე, 4 მიმართულებით დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ დროისათვის "პროკურატურა უმოქმედოა". კერძოდ, ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმე ეხება ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ცემა-წამების საქმეს, ასევე ანასტასია ზაუტაშვილის დაკავებისას ამოღებული 1 700 000 ევროდან 700 000-ის გაუჩინარებას და საქმის ერთ-ერთი მოწმის ცემას, რომლის შესახებაც მსჯავრდებული პროკურატურისადმი მიმართულ განცხადებებში საუბრობს.
"თანხის მითვისების საქმე როგორც ვიცით, ორად არის გაყოფილი. პროკურატურა ხელს არ ანძრევს აღნიშნული გამოძიების მიმართულებით. ანასტასია ზაუტაშვილი ამბობს, რომ თუკი პროკურატურა ქმედითი არ იქნება, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს და თვითდაზიანებებს მიიყენებს", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ზაუტაშვილის ადვოკატის შერჩევა მიმდინარეობს, რაშიც ალეკო ელისაშვილია ჩართული. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, ელისაშვილი ზაუტაშვილს შეხვდა და ცემა-წამებისა და თანხის მითვისების საქმეზე ადვოკატის შერჩევას დაჰპირდა.